ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-01-13

ცხადდება კონკურსი სტუდენტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იწვევს მოტივირებულ სტუდენტებს  -  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას და უზრუნველყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ. ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით იგეგმება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებს ყველა რეგიონიდან იწვევს.

ახალგაზრდა ელჩები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხარდაჭერით, თბილისსა და რეგიონებში 2020 წლის განმავლობაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პერსონალური მონაცემთა დაცვის თემაზე იმუშავებენ. ამ მიზნით კი შეხვედრებსა და ღონისძიებებს ადგილებზე სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან გამართავენ.

ინიციატივა, ასევე ითვალისწინებს პროექტში ჩართული სტუდენტების განვითარების ხელშეწყობას. ამ მიზნით, შერჩეული ელჩები მონაწილეობას მიიღებენ ზამთრის სკოლაში და გაივლიან ტრენინგებს სხვადასხვა საინტერესო მიმართულებებით. პროექტის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და შესაბამისი რეკომენდაცია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

- იყოს უმაღლესი სასწავლებლის მოქმედი სტუდენტი;

- ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება;

- იყოს: მოტივირებული, პრეზენტაბელური, აქტიური, ორგანიზებული და ჰქონდეს ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 17 იანვრამდე უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და მიუთითონ მინიმუმ 1 რეკომენდატორი. ასევე, უნდა წარმოადგინონ პროგრამის განხორციელების საკუთარი ხედვა და პროექტში მონაწილეობის დასაბუთება (აუდიო-ვიდეო ჩანაწერის სახით).  

განაცხადების მიღება იწარმოებს შემდეგ ელ-ფოსტაზე: ­­­­­­­­­­­­ office@stateinspector.ge

კონკურსი მოიცავს 2 ეტაპს, კანდიდატები შეირჩევიან განცხადებების გადარჩევისა და გასაუბრება გზით.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ დოკუმენტს.
Print

« იხ. ყველა სიახლე