ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-09-24

საერთაშორისო სიმპოზიუმი - „სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და XX საუკუნის მწერლობა“

26-28 სექტემბერს თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით, ატარებს მორიგ, საერთაშორისო სიმპოზიუმს - „სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და XX საუკუნის მწერლობა“.

სიმპოზიუმი ეძღვნება  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავს.

სიმპოზიუმი ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.

სიმპოზიუმზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

•სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა საბჭოთა პერიოდის მწერლობაში;
•სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა მოდერნისტულ მწერლობაში;
•"ხალხების"  თვითგამორკვევის უფლება და "მრავალეროვნული ლიტერატურის" საბჭოთა იდეა;
•პოლიტიკური თავისუფლება, როგორც თემა ემიგრანტების მემუარულ მწერლობაში;
•მწერლები პოლიტიკის შესახებ: ოფიციალური და არაოფიციალური პუბლიცისტიკა;
•ლიტერატურული „ანდერგრაუნდი“-ს დისკურსი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა;
•რეჟიმი და მწერლის ბრძოლა ინტელექტუალური სუვერენიტეტისთვის;
•სახელმწიფოებრივი სუვერენობის  იდეა პოსტმოდერნისტულ მწერლობაში;
•სახელმწიფოებრივი სუვერენობის  იდეა პოსტსაბჭოთა პერიოდის მწერლობაში;
•ნაციონალური თვითგამორკვევის იდეა და მისი ასახვის მხატვრული ფორმები;
•პოლიტიკური ილუზიები და კულტურული რეალობა;
•მეცნიერება და პოლიტიკური დისკურსი.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

სიმპოზიუმში მონაწილეობს 130-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 17 ქვეყანა) მათ შორის: აშშ,  კანადა, იაპონია, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, არაბეთის გაერთიანებული საემირო, თურქეთი, ირანი. აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნება 2018 წლის 26 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გუდიაშვილის ქ. #7).

სამეცნიერო კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.
 


Print

« იხ. ყველა სიახლე