ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-26

სამეცნიერო კონფერენცია „საზღვაო სამართალი და თანამედროვე გამოწვევები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი 2014 წლის 14 ნოემბერს აწყობს სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „საზღვაო სამართალი და თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენცია ეძღვნება გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის ძალაში შესვლის 20 წლისთავს.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ-ის ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადით უნდა მიმართონ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს 2014 წლის 7 ოქტომბრის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე: ili@tsu.ge  და esiradze@hotmail.com.

საკონფერენციო თემის წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 7 ნოემბერი. თემა ჩააბარეთ მისამართზე: ი.ჭავჭავაძის №3, თსუ II კორპუსი, ოთახი 115.
ნაშრომი უნდა შეიცავდეს სიახლეს, გამოხატავდეს ავტორის საკუთარ პოზიციას საზღვაო სამართლის პრობლემატურ და/ან აქტუალურ საკითხებზე; არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) ნაბეჭდ გვერდს. პლაგიატიზმი კატეგორიულად მიუღებელია.

კონფერენციაზე დაშვებულ ნაშრომთა სია გამოქვეყნდება ფაკულტეტის საიტზე არაუგვიანეს 2014 წლის 11 ნოემბერისა.
ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო  საუკეთესოდ შეფასებული ნაშრომი დაიბეჭდება ჟურნალში „საერთაშორისო სამართალი“.

კონფერენციაში მონაწილე ბაკალავრიატის ან სამაგისტრო პროგრამის იმ სტუდენტის ნაშრომი, რომელიც 2014/15 წწ საშემოდგომო სემესტრში გადის საზღვაო სამართლის მიმართულების რომელიმე საგანს, შეფასდება 10 ქულიანი სისტემით. მიღებული ქულა აისახება სტუდენტის სემესტრულ შეფასებაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე