ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-04-12

ცხადდება კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად ინდონეზიის უნივერსიტეტში (2017-2018 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი)

2016 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის სტუდენტთა გაცვლის შესახებ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ინდონეზიის უნივერსიტეტი სთავაზობს სტიპენდიას თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.

შემოთავაზებული მიმართულებები:
•  ეკონომიკა და ბიზნესი
•  სამართალი
•  ინდუსტრიული/ქიმიური ინჟინერია
•  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
•  კომპიუტერული მეცნიერებები
•  ჰუმანიტარული მეცნიერებები: ინგლისური ენა; ინდონეზიათმცოდნეობა

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
•  შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)
•  პასპორტის ასლი
•  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და თარჯიმნის ბეჭდით დამოწმებული)
•  ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და თარჯიმნის ბეჭდით დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
•  CV-ს ევროპული ფორმატი
•  ორი რეკომენდაციის წერილი (დანართი 2)
•  მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
•  ჯანმრთელობის ცნობა (დანართი 3)
•  ორი ფოტო
•  მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა მოიცავდეს 500 სიტყვას)
•  ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი (TOEFL ITP: 550, IELTS: 6.0)
•  სასწავლო ხელშეკრულება
•  ამონაწერი ბანკიდან
•  შევსებული განაცხადი საცხოვრებლის შესახებ (დანართი 4)
•  განაცხადი ფინანსური გარანტიის შესახებ (დანართი 5)


სტიპენდიის ხანგრძლივობა:
1 სემესტრი (აგვისტო-დეკემბერი, 2017)

სტიპენდია მოიცავს:

უფასო სწავლა, სტიპენდია (22.500 ინდონეზიური რუპია 1 სემესტრის განმავლობაში. 2017 წლის ინავრის მონაცემებით 1 აშშ. დოლარი =13.338 ინდონეზიური რუპია)
სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს საცხოვრებლის, მგზავრობისა და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები.

შესარჩევი პროცესი:

•  დოკუმენტების შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
•  გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
•  საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 24 აპრილის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: incomingmobility@tsu.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში იხილეთ დანართი 6, და დანართი 7 ან დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: incomingmobility@tsu.ge.

Print

« იხ. ყველა სიახლე