2017-06-28

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტით დაფინანსების კონკურსს.

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი აერთიანებს ფონდის მიერ 2016 წლის ჩათვლით ადმინისტრირებულ მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსს, საკონფერენციო საგრანტო კონკურსსა და სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს.

კონკურსის მიზანია ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა.

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ინჟინერია და ტექნოლოგიები;
სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
აგრარული მეცნიერებები;
სოციალური მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებები;
საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა ინდივიდუალური (მობილობის) და ინსტიტუციური (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების) გრანტები, რომლის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით.

მობილობის გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე დოქტორის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკურ პირს და საქართველოს მოქალაქე დოქტორანტურის, მაგისტრატურის, რეზიდენტურის სტუდენტს.

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე.


Print

« იხ. ყველა სიახლე