24 თებერვალს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია „კონფლიქტები კავკასიაში - გადაწყვეტის ალტერნატიული პერსპექტივები“ გაიმართება.
კონფერენციის მიზანია კავკასიის კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების მოკლე ისტორიული ანალიზი რეგიონის გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და კულტურულ-ცივილიზაციური ფუნქციური დატვირთვის კონტექსტში. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტების დინამიკა, სამიტებისა და მათი გადაწყვეტილებების არაქმედითუნარიანობის მიზეზები, კონფლიქტების მოუგვარებლობის შიდა და გარე ფაქტორები, საქართველოს როლი ამ კონფლიქტების გადაჭრის გზაზე, კონფლიქტების გადაჭრის სტრატეგიული დოკუმენტების კრიტიკული ანალიზი და ამ სტრატეგიის რეალობაში განხორციელების წინაღობები.
კონფერენციის მთავარი საკითხია - როგორ უნდა გადაიჭრას კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ვიდრე რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებები, რომლებიც ახლა ძალზე შეზღუდულია, იზრუნებენ ახალი რუსეთის შესაქმნელად, კავკასიელმა ხალხებმა უნდა გაანალიზონ:
1.რატომ წამოვეგეთ იმპერიის ანკესზე?
2.რა გვასწავლა ისტორიულმა გამოცდილებამ - ვართ თუ არა ერთი მთლიანი სისტემის-კავკასიის რეგიონის ქვესისტემები და შესაძლებელია თუ არა თითოეულის ამოგლეჯა ამ მთლიანობიდან და „მიბმა“ სხვაზე-დამპყრობელზე?
3.არის თუ არა ჩვენი ისტორიული ბედისწერა ერთი და ერთიანი? არსებობს თუ არა ეთნოკონფლიქტში „გამარჯვებული მხარე“ ?
4.როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება კონფლიქტის კონტექსტში?
5.ვაცნობიერებთ თუ არა პრობლემას სრულად და გვსურს თუ არა მისი მოგვარება?
6.სად არის პრობლემის საწყისი, რა არის შედეგი, იწყება თუ არა ციკლი ხელახლა, მიზეზები პირდაპირია თუ არა, შედეგები ხანგრძლივია თუ არა?
7.ვინა ვართ ჩვენ - რა რესურსები, ხელმისაწვდომობა, სტრუქტურები და სხვა რამ გაგვაჩნია, არსებულ პოლიტიკურ ჩიხში ჩვენ, საზოგადოებებს, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო ორგანიზაციის შექმნა? შეგვიძლია თუ არა დავძლიოთ გაუცხოება, უნდობლობა? გვაქვს თუ არა ამის სურვილი, თუ ჩვენი მომავალი თაობებიც უნდა დავტოვოთ სისხლისმიერ დაპირისპირებაში?
8.როგორ განვახორციელოთ ხედვის ცვლა - როგორ დავანგრიოთ მტრის ხატი ერთმანეთის ცნობიერებაში, ქცევებში, დამოკიდებულებებში, კონტექსტში? რა სურათის ხილვა გვსურს უახლოეს მომავალში?
9.უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები (ცვლილებების ხელშემწყობ ძალებს ამჟამინდელ სიტუაციაში ჰყავს ცვლილებების წინააღმდეგ მოქმედი ძალები), როგორ მივაღწიოთ მიზანს?
10.ვინ უნდა ჩაერთოს სტრატეგიული აზროვნების ცვლილებების განხორციელებაში (რაც შეიძლება მეტი ადამიანი თუ ცოტა, მაგრამ მთავარი ადამიანი?
11.რა ცვლილება უნდა მოხდეს? ანუ როგორია სტრატეგიული აზროვნება ცვლილების შესახებ? (ცვლილება დამოკიდებულებებში, გრძნობებში, აღქმაში, ცნობიერებაში, ცოდნაში ან რა უნდა შეიცვალოს პოლიტიკაში, კანონებში, ინსტიტუტებში, სისტემებში?)
12.რამდენად იმუშავებს ინდივიდუალური, პიროვნული ცვლილება სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების განსახორციელებლად?
13.როგორ შეიძლება გადავიდეთ ცნობიერების მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებიდან რეალურ კოლექტიურ ქმედებაზე? როგორ უნდა იმოქმედოს მთავარმა ადამიანმა სტრატეგიული ღონისძიებების განსახორციელებლად?
14.როგორ შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება ჩვენი გამოცდილების, არსებული ვითარებისა და ინფორმაციების მიხედვით შედეგიანად?
15.როგორ ვმართოთ კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეების შეუთავსებელი მიზნები და ინტერესები, რათა ისინი მოვიყვანოთ თავსებადობაში?
16.როგორია ჩვენი ზედაპირული მშვიდობა ანუ ომის არ არსებობა (შიში, საფრთხის განცდა, უფლებების უარყოფა, დისკრიმინაცია, გარიყვა - პოლიტიკური, ეკონომიკური)? როგორია სიღრმისეული მშვიდობა ანუ პოზიტიური ინდიკატორები (უნივერსალური უფლებები, ადამიანის უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, თანასწორობა, ეფექტური მართვა, მედიაციის პროცესები)? ვისი მშვიდობაა დაცული და ვის მიერ? ვის აქვს უფლება? რომელი პერსპექტივები იქცევა ფაქტებად? ჩვენ ხომ მხოლოდ ზედაპირულ მშვიდობაში ვართ?
17.თუ ჩვენ, კავკასიელ ხალხებს გვწამდა ერთმანეთის ათასწლეულის მანძილზე, რატომ არ შეგვიძლია აღვადგინოთ ნდობა ანუ გრძნობა ერთმანეთისადმი, რომელიც ნეიტრალურ ზონაში ანუ არაკონფლიქტურ ზონაში, ფაქტობრივად, არც კი შეცვლილა და ისეთივეა, როგორიც ადრე იყო? როგორია ჩვენ შორის ნდობის აღდგენის საპირისპირო რეალობა?
18.თუ კონფლიქტი პოზიტიურიდან ნეგატიურში, კონსტრუქციულიდან დესტრუქციულში, დამაკავშირებელიდან გამაუცხოებელში, ჰარმონიულიდან დისჰარმონიულში გადაგვიყვანს, არ შეიძლება, გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი მომავალი თაობებისთვის მაინც?
19.დიალოგი დაგვაახლოებს თუ დაგვაშორებს? სად გაქრა კავკასიური ტოლერანტობა, როგორ დაარღვია იგი გარეშე ძალამ ჩვენივე ხელშეწყობით? როგორ შევცვალოთ და შევამციროთ ნეგატიური სტერეოტიპები, რომლებშიც აღიზარდნენ კონფლიქტისდროინდელი თაობები? ბოლოს და ბოლოს, კავკასიის ხალხებს შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ისტორიის შემოქმედი თავად ხალხია და არა იმპერიული რეჟიმები. კავკასიას შეუძლია თავად შექმნას ახალი ისტორია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
caucasiology@gmail.com
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 206-ე აუდიტორია