ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს ინკუბატორმა ფაბ-ლაბების მსოფლიო ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა.
Fab Lab-ების მსოფლიო ქსელის წევრობა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში განთავსებულ ლაბორატორიას საშუალებას აძლევს აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე Fab Lab-ებთან, მიიღოს და გაავრცელოს ინოვაციების დარგში არსებული ცოდნა და გამოცდილება. უნივერსიტეტის Fab Lab-ს უკვე აქვს აქტიური კომუნიკაცია დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში არსებულ სხვა Fab Lab-ებთან.
Fabrication Laboratory (FabLab) - ეს არის სრულიად ინოვაციური დაწესებულება ქართულ რეალობაში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური ბიზნეს იდეებისა და პროექტების განხორციელებას.
სამრეწველო ლაბორატორია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე წლის დასაწყისში გაიხსნა, თსუ-ის სტუდენტებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს იდეები, შექმნან სასურველი პროდუქციის პროტოტიპები და პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი Start-Up ბიზნესის დასაწყებად.
Fab Lab TSU - სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომელიც მოიცავს ბიზნეს ანალიტიკოსებთან კონსულტაციებს, შეხვედრების დაგეგმვას პოტენციურ ინვესტორებთან, მუშაობას გრაფიკოსებთან და სპეციალურ ტექნიკურ პერსონალთან.
Fab Lab TSU-ში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქციის ნახაზები. შემდეგ კი უნიკალური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით უსასყიდლოდ შექმნან პროდუქტის პროტოტიპები.
თსუ-ის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (Fab Lab) აღჭურვილია ისეთი დანადგარებით, როგორებიცაა უახლესი 3D პრინტერი, 3D სკანერი, თანამედროვე ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი (CNC), და ა.შ.