2018-08-08

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ცხადდება მიღება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რაც სიახლეა ქართული საგანმანათლებლო სივრცისათვის.

პროგრამა შემუშავდა მასწავლებელთა განათლების მიმართულებით უნივერსიტეტის მრავალწლიანი გამოცდილების, განათლების დარგის თანამედროვე ტენდენციების, შრომის ბაზრისა და საზოგადოების მოთხოვნების  საფუძველზე.

საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანია დაწყებითი განათლების საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება.

სტუდენტები გაივლიან ქართული ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო კურსებს, დაწყებით საფეხურზე საგნების სწავლების მეთოდიკებს, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური თეორიებს, უცხო ენებს, მრავალფეროვან არჩევით დისციპლინებს და პედაგოგიური კვლევის საფუძვლებს.  

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე სწავლების პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ იმ კერძო და საჯარო  სკოლებში, რომლებთანაც უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

5-წლიანი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭება და  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუშაობას უფროსი მასწავლებლის სტატუსით დაიწყებს.

საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 3 აგვისტოს სხდომის №95 გადაწყვეტილებით.  

შესაბამისად, ცვლილება აისახება აბიტურიენტის ცნობარში.

2018 წელს აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ.

პროგრამის კოდი: 0010138

პროგრამის არჩევის შესახებ ინფორმაცია 13 აგვისტოს გამოქვეყნდება.

პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

საკონტაქტო ინფორმაცია - 2 22 23 76.

Print

« იხ. ყველა სიახლე