2019-01-21

სეზონური სკოლა "ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“

გიწვევთ საკონკურსო წესით მონაწილეობის მისაღებად 2019 აკადემიური სასწავლო წლის აპრილში გასამართ სეზონურ სკოლაში თემაზე:"ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები", რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ინიციატივით, ორგანიზებითა და მონაწილეობით. სეზონურ სკოლა ჩატარდება თსუ-ში. წარმატებული მონაწილეები, დამსწრის სტატუსით ასევე გადაინაცვლებენ პროექტის მეორე, დასკვნით ნაწილში - სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო ხასიათისაა. აღნიშნული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“.

პროგრამის მოკლე აღწერა და მიზნები:
პროექტი მოიცავს კომბინირებულ ღონისძიებას ოჯახში ძალადობის თემაზე -  სეზონური სკოლისა და  კონფერენციის სახით. მას შემდეგ, რაც სათანადოდ დადგენილი წესითა და კრიტერიუმებით მოხდება მონაწილე ახალგაზრდების შერჩევა, შერჩეული კონტინგენტისთვის თსუ-ს პროფესურისა და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის (სასამართლო, პროკურატურა, შსს,) წარმომადგენელთა მიერ ჩატარდება 5 დღიანი სეზონური სკოლა. სკოლის მსმენელებს ამ ტიპის ღონისძიებათა ციკლის დასრულების შემდეგ ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება, ასევე გადაეცემათ სერტიფიკატები. ტესტირებაში გამარჯვებული ახალგაზრდები კი ასევე მიწვეულ იქნებიან 2 დღიან  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად. კონფერენციას ქართველ პროფესორებთან ერთად გერმანელი მეცნიერებიც წარუძღვებიან.

პროექტი ორნაწილიანია, იგი ხორციელდება თბილისში (სეზონური სკოლა) და  კაჭრეთში (სამეცნიერო კონფერენცია). მეორე ეტაპზე (სამეცნიერო კონფერენცია) მონაწილეობის მისაღებად გამოვლენილი გამარჯვებული აპლიკანტების მგზავრობის და საცხოვრებელ ხარჯებს ფარავს რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

პროექტის მიზანია აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობის გაზრდა, განსაკუთებით ისეთ სამიზნე ჯგუფთან მიმართებაში, როგორიც ახალგაზრდა თაობა - სკოლის მოსწავლეები და სტუდენტობაა. ოჯახში ჩადენილი დანაშაულის შესახებ სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებას ერთგვარი პრევენციული მნიშვნელობაც აქვს, რაც სწორედ სკოლიდან უნდა დაიწყოს. სამწუხარო რეალობის გამოძახილია ის, რომ საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, არაერთი ბავშვი გამხდარა ოჯახური ძალადობის პირდაპირი თუ ირიბი მსხვერპლი. ასეთ სიტუაციაში კი ისეთი მოწყვლადი კატეგორია, როგორიც ბავშვები და მოზარდებია, მათი მომავალი ცხოვრების სტილის ჩამოყალიბების თვალსაზრისით გარკვეული რისკის ქვეშ დგას. ამიტომაც, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობის  საკითხზე, რის შემდეგაც ისინი უფრო ეფექტუნარიანი იქნებიან როგორც საკუთარი, ისე სხვისი, საზოგადოების მოწყვლადი ნაწილის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, უკეთ შეძლებენ რისკების შეფასებას და პრობლემის მართვას, რამდენადაც სეზონური სკოლის ფარგლებში მათ მიეწოდებათ სათანადო ცოდნა არამხოლოდ პრობლემის სამართლებრივ და სოციალურ, არამედ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, (მათ შორის როგორც მეცნიერი, ისე პრაქტიკოსი იურისტების და სხვა რელევანტური სფეროს წარმომადგენელ პროფესიონალთა მიერ).

საბოლოო ჯამში პროექტის მიზანია, მის მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ოჯახური და გენდერული ძალადობის საკითხზე სწორი ხედვა. ასევე, შემუშავდეს პრობლემის გადაჭრის ეფექტური საშუალებები.

ვის შეუძლია მონაწილეობა:  
განაცხადის შესატანად პროგრამა ხელმისაწვდომია - სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საკითხით, აქვთ გამოკვეთილი მოტივაცია, გამოირჩევიან კარგი აკადემიური მოსწრებით, სწავლისადმი და სასკოლო დისციპლინისადმი პატივისცემით. იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სწავლების საფეხურის სტუდენტებისათვის, - რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავენ აღნიშნული თემატიკის და ზოგადად, სისხლის სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების კუთხით, რაც დადასტურებულია მათი აკადემიური წარმატებით და გაწეული სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებით ამ სფეროებში. ასევე, ნებისმიერი სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის.

როგორ შეუძლიათ მონაწილეობა:
სკოლის მოსწავლეთა შერჩევა მოხდება 2 საფეხურად. კერძოდ, პირველ ეტაპზე შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მათ 2019 წლის 1 თებერვლამდე უნდა მიმართონ თავიანთი სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე (ა) ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის თემით დაინტერესება; ბ) გამოკვეთილი მოტივაცია; გ) კარგი აკადემიური მოსწრება; დ) სწავლისადმი და სასკოლო დისციპლინისადმი პატივისცემა) გამოავლენს გამარჯვებულებს.

სკოლის დირექციის მიერ რეკომენდებული მოსწავლეები მეორე ეტაპად გაივლიან გასაუბრებას თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებისგან დაკომპლექტებულ საკონკურსო კომისიასთან.

ამავე კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის  სწავლების საფეხურის სტუდენტები და სხვა ნებისმიერი სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთაც სურთ განივითარონ თეორიული ცოდნა ოჯახური ძალადობის საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებით, ასევე გაიმყარონ უნარ-ჩვევები ქალთა უფლებების და გენდერული ძალადობისგან დაცვის კუთხით. მათ ელექტრონულ მისამართებზე tamar.mazanashvili@tsu.ge; zurab.gogshelidze@tsu.ge 2019 წლის 10 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
ა)ამონაწერი სასწავლო ბარათიდან (სტუდენტის შემთხვევაში);
ბ)პირადობის მოწმობის ასლი;
გ)რეზიუმე/CV;
დ)სერტიფიკატები, სიგელები, ჯილდოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვა);

კონტაქტი და რეგისტრაცია:
გასაუბრების დრო და თარიღი დამატებით გეცნობებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ უფლებამოსილ პირებს შემდეგ ელ-მისამართებზე: tamar.mazanashvili@tsu.ge; zurab.gogshelidze@tsu.ge ან ტელეფონის ნომრებზე: +99568712814; +99598702656



Print

« იხ. ყველა სიახლე