CopyrightX არის 12 კვირიანი კურსი, რომელიც 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება
ჰარვარდის სამართლის სკოლის,
ჰარვარდX დისტანციური სწავლებისა და
ბერკმან კლაინის ინტერნეტისა და საზოგადეობის ცენტრის ხელშეწყობით. კურსის შემქმნელი და ხელმძღვანელია ჰარვარდის სამართლის სკოლის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პროფესორი
ვილიამ ფიშერი. მან შეიმუშავა კურსი, მისი სწავლების სპეციფიკა, მოამზადა დისტანციური ლექციები, შეარჩია და შექმნა საკითხავი მასალა.
საქართველოში პირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს ერთობლივ კურსს ჰარვარდის სამართლის სკოლასთან.
კურსი განკუთვნილია საავტორო სამართლით დაინტერესებული პირებისათვის და მოიცავს ევროპისა და ამერიკის საავტორო სამართალს. ქართველი სტუდენტებისათვის კურსი დამატებით მოიცავს საქართველოს საავტორო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებს. კურსის განმავლობაში განხილული იქნება საავტორო სამართლის მოწესრიგება ამერიკული სამართლის მიხედვით.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ეცოდინება საავტორო სამართლის ძირითადი პრინციპები, ასევე ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს ყველაზე მნიშვნელოვან და პრეცედენტულ დავებს.
სტუდენტებს ექნებათ წვდომა ვიდეო ლექციებსა და საკითხავ მასალაზე, რომელთა განხილვაც მოხდება ყოველკვირეულად გამართულ სამუშაო ჯგუფებში. სალექციო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ჩაუტარდებათ წერითი გამოცდა, რომლის მხოლოდ წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მათ გადაეცემათ ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატი.