ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-01

გერმანელი ენათმეცნიერის, ქართველოლოგის, იენის უნივერსიტეტის პროფესორ ჰაინც ფენრიხის მადლობის წერილი თსუ რექტორს

გერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი,  იენის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი ჰაინც ფენრიხი თსუ-ს რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მადლობის წერილს უგზავნის.

“პატივცემულო ბადონო ვლადიმერ, დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისათვის, რომელსიც შემატყობინეთ, რომ მომენიჭა თქვენი უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია. ამან, რა თქმა უნდა, გამახადა, თუმცა ეს პრემია მე კი არა, ქართველებს გეკუთვნით, რადგანაც ყველაფერი, რაც ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის დარგში გავაკეთე, ქართველების დამსახურებაა. ქართველებისგან ხომ მივიღე ჩემი ცოდნა. და უპირველეს ყოვლისა უნდა დავასახელო თქვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ბატონი აკაკი შანიძე, რომელმაც მასწავლა ძველი ქართული ენა. ასე რომ თქვენი უნივერსიტეტის მეცნიერების დიდი მადლობელი ვარ.
დიდი მადლობა თქვენი მოწვევისთვისაც. სამწუხაროდ, ჯანმრთელობა მიღალატებს და ვერ ჩამოვალ თბილისში, გთხოვთ მაპატიოთ. მე რა ხანია პენსიონერი ვარ და არ ვიცი, კიდევ რამეს თუ შევძლებ, მაგრამ დამერწმუნეთ, მუდამ ვიქნები ქართველი ერისა და ქართულუ კულტურის თაყვანისმცემელი“ - წერს პროფესორი ჰაინც ფენრიხი.

ცნობილი გერმანელი მეცნიერი  ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიით 2014 წლის 13 თებრვალს საუნივერსიტეტო საპრემიო კომისიის წევრების გადაწყვეტილებით დაჯილდოვდა. 
ჰაინც ფენრიხს გადაეცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის დიპლომი და თანხა 20 000 ლარის ოდენობით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის  მოსაპოვებლად კონკურსი 2013 წლის 26 დეკემბერს გამოცხადდა. პრემიის მოსაპოვებლად 2 კანდიდატი იყო წარდგენილი.
გერმანელი ენათმეცნიერო, პროფესორი ჰაინც ფენრიხი ცნობილი ქართველოლოგი და კავკასიოლოგია. მან 1971 წელს თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად. პროფესორი ფენრიხი არის  ჟურნალ „გეორგიკას“ დამაარსებელი და რედაქტორი.

ჰაინც ფენრიხი მრავალი წლის განმავლობაში იენის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა კავკასიოლოგიის, კერძოდ, ქართველოლოგიის მიმართულებას. იგი დღემდე მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწევა გერმანიაში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდისათვის. მისი წიგნები მოიცავს ქართული კულტურის თითქმის ყველა სფეროს. პროფესორმა ფენრიხმა გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ქართული ლიტერატურის ისტორიის, საქართველოს ისტორიის, ქართული მითოლოგიის, საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლებისადმი მიძღვნილი რამდენიმე ათეული მონოგრაფია.

განსაკუთრებით ნაყოფიერია მისი მუშაობა ქართველური და კავკასიური ენების შესწავლის საქმეში. მისი კვლევის სფერო მოიცავს ძველი და ახალი ქართული ენის გრამატიკა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური ნაშრომები: “ქართული ენა“, ძველქართულ-გერმანული ლექსიკონი (პროფ. ზურაბ სარჯველაძის თანაავტორობით), ენათმეცნიერულ ტერმინთა ქართულ-გერმანული ლექსიკონი (პროფ. ზურაბ სარჯველაძესთან ერთად), ქართველური ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონი (პროფ. ზურაბ სარჯველაძის თანაავტორობით).  ასევე მრავალი ქართული ლიტერატურული ძეგლის გერმანული თარგმანი და კომენტირებული გამოცემა და მრავალი სხვა.

პრემია ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწილისთვის 2 წელიწადში ერთხელ გაიცემა.

Print

« იხ. ყველა სიახლე