2016-12-28

ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსი - 2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის სპონსორობით აცხადებს ტრადიციულ კონკურსს ქართველოლოგიურ ზამთრის სკოლა-კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.

ზამთრის სკოლის/კონკურსის მიზანია ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი ცოდნის გაღრმავება, მათთვის ქართველოლოგიის უახლესი ტენდენციების გაცნობა. პროექტი განკუთვნილია საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის, ასევე სკოლის დამამთავრებელი კლასების (XI-XII) მოსწავლეთათვის. (სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ხელმძღვანელ-კონსულტანტად იყოლიონ მათი მასწავლებელი ან სხვა სპეციალისტი და მათი სახელი და გვარი კონსულტანტის სტატუსით მიუთითონ წარმოდგენილ ნაშრომში). კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს 1 თებერვლისა ელექტრონულ მისამართზე: zamtrisskola@gmail.com უნდა მოგვაწოდონ ესსე, ან ინფორმაციულ-სამეცნიერო, ან კიდევ მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი (დაახლოებით 5-7 გვერდი) ქართულ ენაზე ქართველოლოგიური მეცნიერებების შემდეგი მიმართულებებიდან:
  • საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე);
  • ქართული ენა და მისი დიალექტები;
  • ქართული ლიტერატურა (XXI საუკუნის ლიტერატურულ პროცესებამდე);
  • საქართველოს არქეოლოგია;
  • ქართულ-ბერძნული კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობები;
  • ქართული ფოლკლორი და საქართველოს ეთნოგრაფია;
  • ქართული ფილოსოფიის ისტორია.
მონაწილეებს შესასრულებული ნაშრომის გასაფორმებლად, ასევე ინტერესის სფეროს გამოკვეთისა და სათანადო ბიბლიოგრაფიის მოპოვებისათვის სხვა დამხმარე მასალასთან ერთად შეუძლიათ გამოიყენონ სამეცნიერო კვლევები ჟურნალ „ქართველოლოგიდან“ – (http://kartvelologi.tsu.ge/public/ge/cat/3).

ექსპერტთა მიერ კონკურსანტთა ნაშრომებიდან შეირჩევა 20-მდე უკეთესი ნაშრომი, რომელთა ავტორებიც პროექტის ფინალურ ეტაპზე სამი დღით შეიკრიბებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ყველა ფინალისტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო ზოგიერთი მათგანი დაჯილდოვდება ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიითა და დიპლომით.
ფინალისტები მოისმენენ ცნობილ მეცნიერთა ლექციებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვადასხვა საკითხებზე. განზრახულია ექსკურსიები საგამოფენო დარბაზებსა და მუზეუმებში. ბოლო დღეს გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ფინალისტთაგან რამდენიმე წაიკითხავს თავის ნაშრომს.

მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნაშრომი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი უნდა გადმოგზავნონ სათანადო ინფორმაციის (სახელი, გვარი, რეგიონი, მისამართი, სკოლა/უმაღლესი სასწავლებელი, კლასი/კურსი, მიმართულება - სტუდენტებისთვის, საკონტაქტო ნომერი) მითითებით ელექტრონულ მისამართზე: zamtrisskola@gmail.com.

დამატებითი ინფორმაციისა და ზოგადი კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე