2014-03-28

თსუ-ს ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევების ცენტრის საგრანტო პროექტი

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევებისა და სწავლების ცენტრი აცხადებს კონკურსს საბაკალავრო ინტერდისციპლინური ორენოვანი (ინგლისური და ქართული) კურსების განვითარებისთვის. კონკურსი ცხადდება თსუ-ს პროექტის „თსუ-ს ადმინისტრაციული მართვისა და აკადემიური მენეჯმენტის რეფორმა“ ფარგლებში; დონორი: ღია საზოგადოების ფონდების უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამა, გრანტის კოდი: EO617.
საბაკალავრო დონეზე ორენოვანი კურსების არსებობის საჭიროება გამოწვეულია თსუ-ში უცხოელი გაცვლითი სტუდენტების დიდი რაოდენობით. თსუ-ს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ უნივერსიტეტთან აქვს დადებული ხელშეკრულება სტუდენტების გაცვლითი პროგრამების შემუშავების თვალსაზრისით, რის საფუძველზე თსუ ვალდებულებას იღებს შესთავაზოს უცხოელ სტუდენტებს კურსები როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო დონეზე. თსუ-ს ინტერდისციპლინური კვლევებისა და სწავლების ცენტრის სტიპენდიები გამიზნულია ზემოთაღნიშნული პრობლემის ნაწილობრივ მოწესრიგებისთვის. შესაძლოა დაფინანსდეს მხოლოდ ქართულენოვანი კურსიც, განაცხადის შესაბამისი დასაბუთების, მაღალი ხარისხისა და საინტერესო ინტერდისციპლინური კურსის შემოთავაზების შემთხვევაში, თუმცა პრიორიტეტი გადაწყვეტილების მიღებისას მაინც ორენოვანი კურსის მოსამზადებელ აპლიკაციებს მიენიჭება.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს (ნებისმიერი ფაკულტეტიდან). თსუ-ს დოქტორანტები შეიძლება ჩართულნი იყვნენ კურსის მომზადებასა და დახმარებაში, მაგრამ განმცხადებელი უნდა იყოს აუცილებლად თსუ აკადემიური პერსონალი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, მოწვეული ლექტორი) კურსის თემატიკა უნდა იყოს ინტერდისციპლინური - მოიცავდეს ორ ან მეტ დისციპლინას, შესაძლებელია იყოს ფაკულტეტთაშორისი თანამშრომლობა. კონკურსის შედეგად განვითარებული კურსი უნდა გაერთიანდეს რომელიმე არსებული პროგრამის კურიკულუმში (შესაძლოა არჩევითი კურსის სახით), რაზედაც აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს თანხმობის წერილი შესაბამისი აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელისგან. კონკურსში გამარჯვებულ პერსონალს უნდა შეეძლოს კურსის წაკითხვა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. გამარჯვებულმა განმცხადებელმა უნდა მოამზადოს კურსის გაფართოებული სილაბუსი (ორენოვანი) და საკითხავი მასალა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე (შესაძლებელია დამატებით ქართულენოვანი საკითხავი მასალის მომზადებაც).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ჯგუფის შემთხვევაში გრანტი გაიცემა ჯგუფის ლიდერზე, თსუ-თან ანგარიშვალდებული იქნება ჯგუფის ლიდერი, ჯგუფის შიგნით თანხის და სამუშაოს გადანაწილება დამოკიდებულია მხოლოდ ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმებაზე, და პასუხისმგებლობას იღებს ჯგუფის ლიდერი. გრანტის ჯგუფის წევრებზე განაწილების სქემა და ვალდებულებები უნდა წარმოადგინოს ჯგუფის ლიდერმა განაცხადთან ერთად.

კონკურსის ფარგლებში თსუ-ს ინტერდისციპლინური ცენტრი გასცემს სულ 7 გრანტს. გრანტის ოდენობა - 1375 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით); ხელზე ასაღები თანხაა ერთ განაცხადზე 1100 აშშ დოლარი მთლიანი პერიოდისთვის. ახალი კურსის მომზადებისთვის გრანტის ხანგრძლივობა 4 თვეა.  გამარჯვებულ კონკურსანტებს დამატებით ეძლევათ თანხა კურსის განვითარებისთვის საჭირო წიგნების შესასყიდად (114 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). გრანტის ფარგლებში შეძენილი წიგნები არის ინტერდისციპლინური ცენტრის საკუთრება და კურსის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენის (4 თვის) შემდეგ, გრანტის მიმღები ვალდებულია წიგნები გადასცეს ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკას (გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი).

კონკურსის შედეგად მომზადებული კურსები გაივლის საერთაშორისო შეფასებას (peer review) სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორების მხრიდან.

კონკურსის შედეგად განვითარებული კურსები შეადგენს როგორც ავტორის (ავტორების), ასევე თსუ-ს საკუთრებას (კონკრეტულ აკადემიურ პროგრამას, რომელზეც მიბმულია კურსი და თსუ ინტერდისციპლინურ ცენტრს).

კონკურსის გამარჯვებული კურსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოს BA დონის
  • იყოს 5 კრედიტიანი (თითო საკონტაქტო 3 სთ-იანი). სულ 45 საკონტაქტო საათი სემესტრში; 80 საათი სტუდენტის ინდივიდუალური მუშაობა.
  • იყოს ორენოვანი (ქართული - ინგლისური)
  • შეთანხმებული პროგრამის ხელმძღვანელთან (ჩასმული, რომელიმე პროგრამაში მინიმუმ არჩევითი კურსის სახით; უნდა წარმოადგინონ პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელის მხრიდან ხელმოწერილი თანხმობის წერილი)
  • უნდა ჰქონდეს გადაკვეთა დისციპლინებს შორის
  • უნდა მომზადდეს სილაბუსი და ორენოვანი საკითხავი მასალა (რიდერი; როგორც ამობეჭდილი, ასევე ელექტრონული სახით) 4 თვის განმავლობაში
  • აპლიკანტს შეუძლია წარმოადგინოს ინფორმაცია საერთაშორისო კოლაბორატორთან თანამშრომლობის შესახებ კურსის მომზადებისას (ამ შემთხვევაში უნდა დაურთოს ოფიციალური თანხმობის წერილი) - აღნიშნული პუნქტი სავალდებულო არ არის

გრანტის მიმღების ვალდებულებები:

  •     გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს დროში გაწერილი (4 თვეზე) აქტივობების გეგმა (ცხრილის სახით) - იხილეთ დანართი №2
  •     გრანტის მიმღებმა ყოველთვიურად უნდა წარმოადგინოს მოკლე მოხსენებითი ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ
  •     გრანტის მიმღებმა 4 თვის შემდეგ უნდა წარმოადგინოს საბოლოო ანგარიში
  •     გამარჯვებულმა კონკურსანტმა გრანტის მიღებიდან 4 თვის შემდეგ (აგვისტოს ბოლოს) უნდა წარმოადგინოს:
  1. სილაბუსი თსუ-ს ფორმატში ქართულად და ინგლისურად (დანართი №3.1 და №3.2)
  2. გაფართოებული სილაბუსი ქართულად - მაქსიმუმ 30 გვ.  (ფონტი Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის ინტერვალი - 1.15)
  3. გაფართოებული სილაბუსი ინგლისურად - მაქსიმუმ 30 გვ.
  4. 200-250 გვერდიანი ინგლისურენოვანი რიდერი
  5. ალტერნატიული რიდერი - ქართული თუ ექნება (სასურველია, ასევე 200 -250 გვ.).
  • გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის მოპოვებიდან 3 წლის მანძილზე 2 სემესტრის განმავლობაში წაიკითხოს კურსი თსუ-ში შესაბამის აკადემიურ პროგრამაში და ინტერდისციპლინური ცენტრის ბაზაზე.
1 შესაძლებელია განაცხადის წარმოდგენა მხოლოდ ქართულენოვანი კურსის განვითარებისთვის, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება ორენოვან კურსებს.


კონკურსის შეფასების კრიტერიუმები:


ინდიკატორი/კრიტერიუმი
ქულა (100 ქულიანი სისტემა)
1
კურსის ინტერდისციპლინურობა (გადაკვეთა სხვა დისციპლინებთან)
30
2
კურსის დიზაინი და ძირითადი საკითების ჩამონათვალის ადეკვატურობა
30
3
აპლიკანტის კვალიფიკაცია, გამოცდილება 15
4
კურსის ინგლისურად წაკითხვის შესაძლებლობა
15
5
ანალოგიური კურსის არსებობა დასავლეთის უნივერსიტეტებში2
10

ჯამი:
100


კონკურსის ვადები:

  •     კონკურსის გამოცხადება - 21 მარტი 2014 წ.
  •     კონსულტაციები აპლიკანტებთან - 26-27 მარტი, 16:00 სთ. ადგილი: თსუ-ს მე-2 კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი №336.
  •     განაცხადების მიღების ვადა - 1 აპრილი 2014 წ.
  •     შედეგების გამოცხადება - 14 აპრილი 2014 წ.
  •     გრანტის მიღებთან კონკტრაქტების გაფორმება - 22-25 აპრილი 2014 წ.
კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები ( მხოლოდ ელ-ფოსტით ):

  1. სააპლიკაციო ფორმა (დანართი №1)
  2. კურსის შემუშავებაში ჩართული პერსონალის CV-ები ქართულ და ინგლისურ ენაზე
  3. კურსის მოკლე აღწერა: მიზნები, ამოცანები, სწავლის შედეგები, სწავლების მეთოდოლოგია
  4. ძირითადი საკითხების ჩამონათვალი
  5. იმ აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, რომლის კურიკულუმშიც ჩაჯდება კურსი (დასკანირებული წერილი ხელმოწერით)
  6. ანალოგიური კურსების სია დასავლეთის უნივერსიტეტებში, კონკრეტული ვებგვერდების მითითებით.
  7. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან ინგლისურენოვანი კურსების წაკითხვის გამოცდილება (კონკრეტული უნივერსიტეტის ან პროგრამის მითითებით) - არასავალდებულო მოთხოვნა
სააპლიკაციო დოკუმენტები გადმოაგზავნეთ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: d.lezhava@css.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნანი მაჭარაშვილი, 555575020, nana.macharashvili@tsu.ge
მაკო მიქაბერიძე, 599585345, m.mikaberidze@css.ge
დიანა ლეჟავა, 595559284, d.lezhava@css.ge

2 ორბალიანი სკალა - ანალოგიური კურსის არსებობს შემთხვევაში აღნიშნულ შეფასებაში დაიწერება 15 ქულა, ანალოგიური კურსის არარსებობის შემთხვევაში დაიწერება 0 ქულა.

Print

« იხ. ყველა სიახლე