მიმდინარე წლის
6 – 10 სექტემბერს ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაცია (EURALEX) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობენ ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესს.
ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის კონგრესებზე იკრიბებიან პროფესიონალი ლექსიკოგრაფები, გამომცემლები, მკვლევრები, პროგრამისტები და ზოგადად ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიით დაინტერესებული პირები.
პროგრამა მოიცავს საჯარო ლექციებსა და სექციურ სხდომებს სხვადასხვა თემაზე, კომპიუტერული პროგრამების პრეზენტაციებს, დისკუსიას მრგვალ მაგიდასთან, სპეციალიზებულ სემინარებს კონგრესის წინა პერიოდში, წიგნებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოფენას და აგრეთვე კულტურულ პროგრამას მონაწილეთათვის და მათი სტუმრებისათვის.
თბილისის კონგრესის დევიზია:
ლექსიკოგრაფია და ლინგვისტური მრავალფეროვნება. კონგრესის ლოგოს ამშვენებს შოთა რუსთაველის გამოსახულება.
ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის პირველი კონგრესი 1983 წელს გაიმართა ექსეტერის უნივერესიტეტში (დიდი ბრიტანეთი), მომდევნო კონგრესებმა მოიარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა და საქართველო არის პირველი არაევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც კონგრესი ჩატარდება, რაც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს კონგრესის ორგანიზატორებს.
დასრულდა მუშაობა კონგრესის პროგრამაზე. კონგრესის 100 მოხსენება მსოფლიოს 40 ენას შეეხება. კონგრესის ვებგვერდი განთავსებულია შემდეგ მისამართზე:
http://euralex2016.tsu.ge.
თბილისის კონგრესის მიმართ დიდია ინტერესი. კონგრესზე დარეგისტრირებულია 150 მეცნიერი მსოფლიოს 40 ქვეყნიდან და 4 კონტინენტიდან (ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა).
ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის კონგრესები დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ყველა ქვეყანაში, სადაც იგი ტარდება.
კონგრესის გახსნის დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისი ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, რომელიც შემდეგ მასპინძლობს კონგრესის მიღებას რუსთაველის თეატრის წვეულებათა დარბაზში.
კონგრესზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ისეთი ცნობილი ევროპელი მეცნიერები, როგორებიცაა: პატრიკ ჰენქსი (დიდი ბრიტანეთი), რობერტ ილსონი (დიდი ბრიტანეთი), იოსტ გიპერტი (გერმანია), ჯეფრი უილიამსი (საფრანგეთი), პიუს ტენ ჰაკენი (ავსტრია). მრგვალი მაგიდის მოდერატორი იქნება ტიერი ფონტენელი (ბელგია), ევროპის კავშირის მთარგმნელობითი ცენტრის ხელმძღვანელი.
იხილეთ
პროგრამა