ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-14

მისია 2015 – ფინალური დავალება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2015“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კონკურსანტებმა ფინალური დავალება მიიღეს. ექვს გუნდს პარტნიორი კომპანიის „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთი პროექტის „საბა“-ს ელექტრონული წიგნების სახლისთვის მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა დაევალათ. დავალების შესრულებისთვის გუნდებს ერთი თვე მიეცათ. დავალების შესრულების პროცესში მონაწილეებისთვის სპეციალური ტრენინგები და სემინარები გაიმართება, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები ჩაატარებენ. ფინალისტები პროექტის დაგეგმვას, კვლევის ჩატარებას, ანალიზსა და მართვას შეისწავლიან.

კონკურსის ფინალისტები გასულ კვირას გამოვლინდნენ. ჟიურის წევრებმა შემოსული 63 ნაშრომიდან საუკეთესო 6 შეარჩიეს. კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი გუნდები:

1.    Booklovers
2.    Progress
3.    Sky Eye
4.    Team ABC
5.    The Wailers
6.    ნიცა

ფინალური დავალების პრეზენტაციებით ყველა გუნდი ჟიურის წინაშე წარდგება, რომელიც კონკურსის სამ გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს. კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ სამეულს თიბისი ბანკი გადასცემს:

I ადგილი - 2500 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი

თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში - “მისია“ უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან.

კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.

Print

« იხ. ყველა სიახლე