ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-24

კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესში, რომელიც გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წლის 1-3 დეკემბერს.

 კონგრესის წამყვანი თემაა „ დამწერლობები კავკასიაში“.

კონგრესში მონაწილეობის განაცხადი და მასალები მიიღება 2016 წლის 21 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:   congresscom2016@gmail.com;  ქართულენოვანი მომხსენებელი მოხსენებათა მასალებს წარმოადგენს სამ ენაზე (ქართულად, ინგლისურად, რუსულად), არაქართულენოვანი მომხსენებელი - ორ ენაზე (ინგლისურად, რუსულად). მასალები დაიბეჭდება სამ ენაზე (ქართულად, ინგლისურად, რუსულად).

კონგრესის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შესახებ გეცნობებათ  2016 წლის 10 ოქტომბრამდე.

კონგრესის მიზანია კავკასიის დამწერლობებთან დაკავშირებულ პრობლემათა ინტერდისციპლინური კვლევა და სათანადო საკითხების მეცნიერული ანალიზი; ეს საკითხებია:

კავკასიის ანბანურ დამწერლობათა (ქართული, ალბანური, სომხური)  ისტორიული სახეები და ამ ანბანთა განვითარების პერიოდიზაცია; თეორიები კავკასიის ანბანთა წარმოშობის შესახებ; კავკასიის დამწერლობები კომპარატივისტულ ჭრილში;  ეპიგრაფიკა კავკასიის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, აღმოსავლური ენების დამწერლობათა კავკასიური ენებისათვის გამოყენება; წარმართული ეპოქის წერილობითი სისტემები; კავკასიის ახალ სამწერლობო ენათა ანბანები; ერთიანი საერთაშორისო სატრანსკრიფციო სისტემა; დამწერლობა - როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი; წერის კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკის სემანტიკურ-ეტიმოლოგიური საკითხები; დამწერლობის კრიპტოგრაფიული სისტემები;  ანბანთან დაკავშირებული თვლისა და კალენდრის ძველი სისტემები და სხვ.

კონგრესის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული;

კონგრესის ვებგვერდია:  http://caucasiology.tsu.ge/congress/

 

Print

« იხ. ყველა სიახლე