2018-04-13

ჩაერთე მსოფლიო რბენაში! - Wings for Life World Run 2018

6 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება Wings for Life World Run უკვე მეხუთედ  გაიმართება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პირველი 100 დარეგისტრირებული სტუდენტის მონაწილეობის საფასურს თსუ დაფარავს. ასეულში მოხვდებიან მხოლოდ სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე პირები, რომლებიც 20 აპრილის ჩათვლით სრულად შეავსებენ სპეციალურ სარეგისტრაციო ფორმას sms.tsu.ge-ზე და lms.tsu.ge-ზე.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან პირველ ასეულში შეტყობინებას მიიღებენ ელ.ფოსტაზე.

მონაწილეობის საფასური ერთ ადამიანზე შეადგენს 30 ლარს და პირდაპირ ირიცხება Wings for Life-ის ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

ღონისძიება აერთიანებს 6 კონტინენტს,  ერთსა და იმავე დროს, ერთი მიზნით -  გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი!

რბენა მთელს მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს იწყება - ყველა მორბენალს აქვს ერთი სტარტი და განსხვავებული ფინიში. მსოფლიო რბენის დასრულებისას გამოვლინდებიან ადგილობრივი და მსოფლიო გამარჯვებულები. საქართველოში გაიმარჯვებს ის ქალი და მამაკაცი, რომელსაც ყველაზე ბოლოს დაეწევა ე.წ. „Catcher Car” – მოძრავი ფინიშის მანქანა;  გლობალური გამარჯვებულები კი გახდებიან  მორბენლები რეკორდული მაჩვენებლით მთელი მსოფლიო შედეგების გათვალისწინებით.

 


Print

« იხ. ყველა სიახლე