ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-10-31

კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი

4-7 ნოემბერს  ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი  და არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი  ატარებს კავკასიოლოგთა V საერთაშორისო  კონგრესს. კონგრესის თემაა: საქართველო  კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ  კონტექსტში  (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები).
კონგრესის მიზანია: გამოკვეთოს საქართველოს როლი კავკასიის რეგიონის კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტის ისტორიულ ჭრილში; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს  გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; გამოკვეთოს კავკასიის  ინტეგრაციის პერსპექტივა რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის კონტექსტში; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები. 
კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი იმუშავებს სექციებად დარგების მიხედვით: ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა (3 სექციად), ისტორია (2 სექციად), არქეოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოლოგია, ფოლკლორი, ლიტერატურა, ეკოლოგია,  გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა.

კონგრესის თემები აგებულია ქართულ-კავკასიური  კულტურის რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის საკითხთა ისტორიულ-რეტროსპექტიული ანალიზის პრინციპებზე. 

კონგრესზე  წარმოდგენილ სამეცნიერო მოხსენებათა თემებია:
საქართველოს როლი და ადგილი კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ განვითარებაში (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები)
კავკასიის ხალხთა ეთნოგენეზისა და პოლიტოგენეზის აქტუალური პრობლემები; კავკასიის კულტურულ-ანთროპოლოგიური  კვლევები (არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ფოლკლორი, ლიტერატურა)
საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები თანამედროვე კავკასიაში (ეთნონაციონალური და კონფესიური ფაქტორები)
კავკასიის გეოპოლიტიკა (გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური მიდგომები; ეთნოკონფლიქტები) 
ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიაში  
კავკასიის თემატიკა საერთაშორისო კავკასიოლოგიურ კვლევათა ცენტრებში 
საქართველო - კავკასიოლოგიური კვლევებისა და სწავლების  ცენტრი
გეოლინგვისტური თეორიები; ევროკავშირი, ევრაზიული კავშირი და კავკასიის რეგიონი
კავკასიის ენების  ფუნქციონირების საკითხები  (ისტორია  და თანამედროვეობა)
კავკასიის ენათა სისტემა-სტრუქტურისა და არეალური ლინგვისტიკის საკითხები
ქართულ-კავკასიური ეტიმოლოგიური კვლევების საკითხები.
კონგრესი რეგულარურად იმართება სამ წელიწადში ერთხელ საქართველოში და მისი ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონგრესში მონაწილეობენ მეცნიერი კავკასიოლოგები საერთაშორისო კავკასიოლოგიური ცენტრებიდან (170-ზე მეტი  მონაწილე); განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩრდილოკავკასიელი მეცნიერების მონაწილეობა კონგრესში. 

იხილეთ  პროგრამა



Print

« იხ. ყველა სიახლე