2013-10-17

ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET Foundation) ექსპერტების კვლევა და თემატური სემინარები საქართველოში

სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში,  ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET Foundation) ექსპერტები ა.წ. 18 ოქტომბერს,  10 სთ-ზე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარებენ სემინარს  თემაზე „ABET-ის აკრედიტაციის სტანდარტები და მიღების პროცედურები“ (Criteria and procedures for ABET accreditation).

სემინარს დაესწრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები.  ღონისძიების ჩატარების ადგილი: თსუ, ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, პირველი კორპუსი, პირველი სართული, აუდიტორია №101. 

საქართველოში ABET Foundation-ის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული და სამეცნიერო/ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრა.  აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში.  ჩატარებული კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება საქართველოში ამერიკული პარტნიორი უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების პროგრამების შერჩევისთვის. კვლევის შედეგები ასევე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მათი პროგრამული განვითარების სრულყოფისა და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა-განხორციელების ჭრილში.

ABET Foundation-ის ექსპერტები ახორციელებენ საქართველოს შემდეგი სახელმწიფო უნივერსიტეტების (ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა.წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ათი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამის  შეფასებას და მათგან ხუთი პროგრამისათვის ABET აკრედიტაციის მოპოვებისათვის საჭირო  დეტალური სტრატეგიის შემუშავებას.
ABET-ი (ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო) წარმოადგენს აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აკრედიტაციას ანიჭებს საგანმანათლებლო პროგრამებს გამოყენებით, კომპიუტერულ, საინჟინრო, და საინჟინრო-ტექნოლოგიურ მეცნიერებებში.  საბჭოს მიერ აკრედიტაცია მინიჭებული აქვს 3000-ზე მეტ პროგრამას, 600-ზე მეტ უნივერსიტეტში, მსოფლიოს 24 ქვეყანაში.  დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ http://www.abet.org/

ABET-ის ფონდის წარმომადგენლები ა.წ. ოქტომბრის განმავლობაში საქართველოში ვიზიტის დროს ჩაატარებენ რამოდენიმე თემატურ სემინარს, მათ შორის, 15 ოქტომბერს სემინარი ჩატარდა ქუთაისში, 25 ოქტომბერს სამინარი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და 29 ოქტომბერს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. გთხოვთ, 25 და 29 ოქტომბრისათვის დაგეგმილი სემინარების ჩატარების ზუსტი განრიგი წინასწარ გადაამოწმოთ აღნიშნულ უნივერსიტეტებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ უმაღლესი განათლების პროგრამის დირექტორს, ნოდარ სურგულაძეს, ტელ.: 577 17 33 71, ელ.ფოსტა: nsurguladze@mcageorgia.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე