2010-01-14

საქართველოსა და გერმანიაში მიმდინარე ბოლონიის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიება თსუ-ში

2010 წლის 12 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გერმანიასა და საქართველოში მიმდინარე ბოლონიის პროცესთან დაკავშირებული დისკუსია. ღონისძიება განხორციელდა თსუ-სა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) ორგანიზებით. დისკუსიაში მონაწილებდნენ ქართველი და გერმანელი პროფესორები, მათ შორის, სტუმრები, ბატონები: ჰაინერ ალვარტი (იურისტი, ფრიდრიხ-შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი), ჰაინც-დიტერ ვენცელი (ბამბერგის უნივერსიტეტი), კაი ეცოლდი (საქართველოში ტვინინგის პროექტის კოორდინატორი ევროკავშირის მხრიდან). დისკუსია მიჰყავა პროფესორ ლიკა ღლონტს (ტემპუსის პროგრამის კოორდინატორი).

ღონისძიება გახსნეს ბატონმა გებჰარდ როილმა (DAAD) და ბატონმა გიორგი ხუბუამ. მისასალმებელ სიტყვაში მათ ხაზი გაუსვეს ბოლონიის პროცესის მნიშვნელობას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.

ბატონმა ეცოლდმა საქართველოში ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად წამოწყებულ ტვინინგის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციაში განიხილა აღნიშნული პროექტის მიზნები და ამოცანები. ტვინინგის პროექტი დაიწყო 2009 წლის ივნისში და 2011 წლის მარტამდე გასტანს. პროგრამის მიზნების თანმიმდევრულ მიღწევას უზრუნველყოფს პროექტის 6 მთავარი კომპონენტი:

   1. გაძლიერებული კოორდინაცია და კავშირები ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეგისტრში გასაწევრიანებლად;
   2. იურიდიული და ნორმატიული ჩარჩოს შესწავლა და ბოლონიის მთავარ დოკუმენტებთან თავსებადობა;
   3. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერთიფიკაცია;
   4. სასწავლო პროგრამების შეფასება;
   5. კვალიფიკაციების აღიარების პრაქტიკის შესაბამისობა ლისაბონის აღიარების კონვენციასთან;
   6. გაძლიერებული ადამიანური რესურსები ბოლონიის რეფორმის განსახორციელებლად და გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.

ტვინინგის პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ევროპელ პარტნიორებთან – გერმანიის აკადემიურ გაცვლით სამსახურთან ( DAAD)  და ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან GTZ) თანამშრომლობით.

            პროფესორებმა ვენცელმა და ალვარტმა იენისა და ბამბერგის უნივერსიტეტებში ბოლონიის რეფორმების თანმხლებ პრობლემებსა და სტუდენტების მხრიდან კონფლიქტებზე   გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ აღნიშნულ პროცესებზე არა მარტო უნივერსიტეტებმა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხი.

            მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია სტუმრებსა და პუბლიკას შორის. გამოითქვა ახალი მოსაზრებები. აღინიშნა, რომ უნივერსიტეტმა უფრო მეტი ინიციატივა უნდა აიღოს თავის თავზე და აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში. აქვე გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირს ბოლონიიის პროექტის ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს  1 მილიონი ევრო.

Print

« იხ. ყველა სიახლე