2018-10-22

საერთაშორისო ონკოლოგიური კონგრესი

26-27 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო კონგრესი ონკოლოგიური უროლოგიის დარგში. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს და რეგიონის წამყვანი მეცნიერები და ექიმები: უროლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები, პათოლოგ-ანატომები. ღონისძიებას მხარს უჭერენ აშშ-ს, ევროპის და რეგიონის წამყვანი ქვეყნების პროფესიული გაერთიანებები და მათი ხელმძღვანელები, ესენია: უროლოგიური ონკოლოგიის  საზოგადოება (აშშ), ევროპის უროლოგთა ასოციაცია, მსოფლიო უროლოგიური ონკოლოგიის ფედერაცია, ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოება, რუსეთის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია, უკრაინის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია, აზერბაიჯანის უროლოგთა ასოციაცია, სომხეთის უროლოგთა ასოციაცია, უზბეკეთის ონკოლოგიის ასოციაცია. კონგრესში სპიკერების და დელეგატების სახით მოწვეული არიან მსოფლიოსა და რეგიონის წამყვანი ონკოლოგები, კლინიკური და სხივური ონკოლოგები მსოფლიოს 15 ქვეყნიდან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, შვედეთი, ავსტრია, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.

ქართველ მონაწილეთათვის კონგრესზე დასწრება იქნება უფასო. ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით; საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ვებგვერდის დახმარებით დაინტერესებულ მედიკოსებს ექნებათ თავისუფალი წვდომა კონგრესის მასალებზე.

უროლოგიური კიბოს, კერძოდ პროსტატის, შარდის ბუშტის და თირკმლის მკურნალობის ტაქტიკა დაჩქარებულად იცვლება უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. კერძოდ, ფართოდ ინერგება მულტიმოდალური მკურნალობის სტრატეგია და ტაქტიკა. ათობით ათასი სამეცნიერო ნაშრომი ეძღვნება ამ საკითხს ყოველწლიურად. შესაბამისად, დგება აუცილებლობა, რომ კლინიკური ექსპერტების მიერ ჩატარდეს ამ სიახლეების სწორი ანალიზი და სამედიცინო პრაქტიკაში დაინერგოს სწორედ ის მეთოდები, რომელიც ყველაზე ეფექტიანად და საიმედოდ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლას. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მულტიდისციპლინური სამეცნიერო ფორუმების ორგანიზებით, სადაც სხვადასხვა დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები შეაჯამებენ არსებულ სამეცნიერო ინოვაციებს, მოხდება აზრთა გაცვლა, და დისკუსიები. ეს, უზრუნველჰყოფს სამეცნიერო-პრაქტიკულ და კლინიკურ პროგრესს, სპეციალისტთა ცოდნის, გამოცდილების ზრდას, პროგრესული იდეების დანერგვას.

სარეგისტრაციო ბმული.



Print

« იხ. ყველა სიახლე