2010-06-01

სწავლებისა და სწავლის მეთოდების გზამკვლევი

სწავლების პროცესში, რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით. პროფესორს სწავლების პროცესში უხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს  მეთოდთა შერწყმას. მაგ., ლექციაზე ლექტორი სალექციო მასალას ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს ვერბალური განმარტება; იმართება დისკუსია, სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად მიეცემა  დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის სახით, ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვ. ამრიგად, სწავლება-სწავლის პროცესში მეთოდები ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გადადიან.  
 
სწავლა-სწავლების მეთოდების მრავალგვარი კლასიფიკაცია არსებობს, გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებს.

მეთოდთა კლასიფიკაციის ვარიანტი  A
  1. ვერბალური, ანუ  ზეპირსიტყვიერი მეთოდი.
  2. წიგნზე მუშაობის მეთოდი.
  3. წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება,  და ა.შ.
  4. ლაბორატორიული მეთოდი და დემონსტრირების მეთოდი – ეს უკანასკნელი   თავის მხრივ  გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ცდების დაყენება,  ვიდეომასალების ჩვენება, დინამიკური ხასიათის მასალა და სხვ.
  5. პრაქტიკული მეთოდები – აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, აქ სტუდენტი შეძენილი ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ აქტივობას, მაგალითად: საწარმოო და პედაგოგიური პრაქტიკა, საველე მუშაობა და სხვ.

 მეთოდთა კლასიფიკაციის ვარიანტი   B   
  1. დისკუსია/დებატები – ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ  შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის  მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
  2. ჯგუფური (collaborative) მუშაობა -  ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება.  ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის  მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
  3. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.
  4. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება - იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს პრობლემაზე,ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
  5. ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.  
  6. შემთხვევის ანალიზი (Case study)  -  პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, მედიცინის სფეროში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის  განხილვა, პოლიტიკის მეცნიერებაში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული, ვთქვათ ყარაბახის (სომხეთ-აზერბაიჯანის) კონფლიქტის ანალიზი და ა. შ.
  7. გონებრივი იერიში (Brain storming) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ  მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავდებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:
    • პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა.
    • დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე).
    • გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან.
    • კვლევის მიზანთან  იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა.
    • შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.
    • უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.
  1. როლური და სიტუაციური თამაშები - სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც  დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის  უნარს.  
  2. დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს.   შედეგის მიიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია., ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად  აუდიო და  ვიზუალური გზით მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის  სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შესაძლოა მარტივ სახეს ატარებდეს, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკური ამოცანის ამოხსნა, მისი საფეხურების დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენის სახით, ან ისეთი რთული სახე მიიღოს, როგორიცაა მრავალსაფეხურიანი საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტის ჩატარება.
  3. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.
    • სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
    • სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
    • სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.
    • სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას.ეს მეთოდი ხელს უწყობს  პრობლების, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას.  
  4. ახსნა–განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
  5. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.
  6. ელექტრონული სწავლება (E-learning) – ეს მეთოდი მოიცავს სწავლების სამ სახეს:
    • დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პროფესორისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო  მასალის გადაცემა ხორციელდება  ელექტრონული კურსის საშუალებით.
    • ჰიბრიდული (დასწრებული/დისტანციური), სწავლების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი  ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში.
    • მთლიანად დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას პროფესორის  ფიზიკური თანდასწრების გარეშე. სასწავლო კურსი თავიდან ბოლომდე   დისტანციურად ელექტრონული ფორმატით მიმდინარობს.

მოცემული ძირითადი მეთოდების გარდა არსებობს სწავლების უამრავი მეთოდი, რომლის შერჩევა მასწავლებელს შეუძლია კონკრეტული სასწავლო ამოცანიდან გამომდინარე.

იხილთ სასარგებლო ბმულები :

ფრანგულენოვანი საიტები
http://www.pedagonet.com/other/STRTGIE.htm
http://unesdoc.unesco.org/images/0013/001365/136583f.pdf
http://www.dismoitic.net/Trois-categories-de-methodes-d.html
http://www.sasked.gov.sk.ca/docs/francais/hygiene/elem/meth.html
http://www.sasked.gov.sk.ca/docs/francais/hygiene/elem/metha.html

გერმანულენოვანი საიტები
http://www.learnline.de/angebote/methodensammlung/liste.php
http://www.fachdidaktik-einecke.de/7_unterrichtsmethoden/hauptseite_unterrichtsmethoden.htm
http://www.uni-koeln.de/ew-fak/konstrukt/didaktik/frameset_uebersicht.htm
http://www.bpb.de/publikationen/03473755426377400322607236008220,0,0,Methodenkiste.html
http://www.wcer.wisc.edu/archive/cl1/CL/default.asp
http://www.sasked.gov.sk.ca/docs/health/health6-9/approach.html
http://www.verbraucherbildung.de/projekt01/d/www.verbraucherbildung.de/methodenkoffer
http://de.wikipedia.org/wiki/Liste_der_Unterrichtsmethoden
http://www.neue-lernkultur.de/keynotes.php

ინგლისურენოვანი საიტები
http://www.tla.ed.ac.uk/resources/course-org/Chapter8.pdf
http://www.mondofacto.com/dictionary/contents/learning+method.html
http://www4.ncsu.edu/unity/lockers/users/f/felder/public/Papers/InductiveTeaching.pdf
Print

« იხ. ყველა სიახლე