ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.05.2012, №31 დადგენილებით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 91

28.05.2008

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა ღია კონკურსით შერჩევა განხორციელდეს შემდეგი წესით:

 

1. თსუ  სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის და სულ მცირე 3 წევრის შემადგენლობით.

2.  თსუ სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი        კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:


ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების)  ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ)ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.

 

3. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

ა) ინფორმაცია ბოლო 5  წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობა ან პროექტებში მონაწილეობა;

ბ) მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;

 

4. თსუ ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების)  ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.

 

5. თსუ  სრულ ან ასოცირებულ პროფესორად 3 სამი წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის  გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.

6. თსუ ასისტენტ პროფესორად 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი.

7. საკონკურსო კომისიას ქმნის თსუ რექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

 
8. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში:

ა)შექმნას სპეციალური საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
ბ)მოიწვიოს კონკურსანტი გასაუბრებაზე;
გ)მოსთხოვოს კონკურსანტს საცდელი ლექციის ჩატარება.

9. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც.

10. საკონკურსო კომისია დასკვნას ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების   უმრავლესობით  ღია კენჭისყრით.

11. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს რექტორი.

12. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ.

13. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულია გაითვალისწინოს კონკურსანტის აკადემიური ხარისხი, პედაგოგიური გამოცდილება, სამეცნიერო პუბლიკაციები და საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა.

14. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის ვაკანტურ აკადემურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება საბუთების მიღებამდე არაუგვიანეს ერთი და კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე.

15. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები გამოქვეყნდეს გაზეთ « თბილისის უნივერსიტეტში » და განთავსდეს თსუ ელექტრონულ გვერდზე.

 

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი