13 ოქტომბერი 2010
დადგენილება №113/2010


„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 17 ივლისის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის მ/შ განცხადების №25920/02 საფუძველზე

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 17 ივლისის N39 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1–ის მე–5 მუხლში და ხსენებული მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. სამეცნიერო  ხელმძღვანელი   
5.1  სამეცნიერო ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის  დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით დარგობრივი სექციის  შუამდგომლობის  საფუძველზე.
5.2.სამეცნიერო ხელმძღვნელად/თანახელმძღვანელად შეიძლება დამტკიცდეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო  კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები, რომელთაგან ერთი ნაშრომი მაინც გამოქვეყნებულია დადებითი ‘’იმპაქტ ფაქტორის’’ (ISI Thomson Web of Knowledge კლასიფიკატორის მიხედვით) მქონე ჟურნალში.
5.3. აუცილებელი მოთხოვნა დადებითი ‘’იმპაქტ–ფაქტორის’’ მქონე ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების შესახებ შესაძლებელია არ შეეხოს გეოგრაფიისა და გეოლოგიის მიმართულებებს.  გადაწყვეტილებას ფაკულტეტის საბჭო  იღებს ხელმძღვანელობის/თანახელმძღვანელობის კანდიდატის მიერ სათანადო დასაბუთების წარმოდგენის საფუძველზე.  
5.4. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის კანდიდატურა და სადისერტაციო ნაშრომის სახელწოდება ფაკულტეტის საბჭოს უნდა წარედგინოს დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში.
5.5. დისერტაციის ხელმძღვანელი კონტროლს უწევს ინდივიდუალური სასწავლო და კვლევითი გეგმის შესრულებას.
5.6. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე, ამის შესახებ სწავლის ნებისმიერ ეტაპზე ხელმძღვანელმა დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართოს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს. სადისერტაციო საბჭოს  თავმჯდომარის  გადაწყვეტილება წარედგინება ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად.“.

მუხლი 2, პუნქტი 6. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.6.სადოქტორო პროგრამას ხელმძღვანელობს (თანახელმძღვანელობს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი. ხელმძღვანელად შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ ის პირი, რომელსაც სათანადო სპეციალობით (საერთაშორისო კლასიფიკატორით) გამოქყვეყნებული აქვს ერთი ნაშრომი მაინც დადებითი ‘’იმპაქტ=ფაქტორის’’ მქონე ჟურნალში.

აუცილებელი მოთხოვნა დადებითი ‘’იმპაქტ–ფაქტორის’’ მქონე ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების შესახებ შესაძლებელია არ შეეხოს გეოგრაფიისა და გეოლოგიის მიმართულებებს.  გადაწყვეტილებას ფაკულტეტის საბჭო  იღებს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელობის კანდიდატის მიერ სათანადო დასაბუთების წარმოდგენის საფუძველზე. 

მუხლი11. პუნქტი.5. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11.5.სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულ უნდა იქნეს სულ მცირე სამი სამეცნიერო ნაშრომის სახით – რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალებში, რომელთაგან ერთი მაინც დადებითი „იმპაქტ–ფაქტორის“ (ISI Thomson Web of Knowledge კლასიფიკატორის მიხედვით) მქონეა, ხოლო ერთს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება.

გადაწყვეტილებას  გეოგრაფიისა და გეოლოგიის მიმართულებებზე ერთი სტატიის  „იმპაქტ–ფაქტორის“ მქონე ჟურნალში გამოქვეყნების მოთხოვნის მოხსნის შესახებ იღებს ფაკულტეტის საბჭო სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე.

დოქტორანტს ნაშრომი გამოქვეყნებულად ეთვლება მაშინაც, როცა ის მიღებულია დასაბეჭდად, რაც დასტურდება ჟურნალის რედაქციის მიერ გაცემული ცნობით ან გამოცემის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციით.


2. დადგენილების  ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

3. დადგენილების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი