დადგენილება №108/2011
10 ოქტომბერი, 2011


„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 29.09.2011 №26503/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ  №1–ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლის 6.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.3. სამეცნიერო ხელმძღვანელის სალექციო და კვლევითი დატვირთვიდან გამომდინარეობს, თუ რამდენ დოქტორანტს შეუძლია უხელმძღვანელოს.“;

ბ) მე-10 მუხლის 10.4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 22-ე მუხლის 22.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22.1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე დისერტაციის შესაფასებლად გამოყოფს მინიმუმ ორ შემფასებელს.“;

დ) 25-ე მუხლის 25.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„25.2. დისერტაციის დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის დახურულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით, რაზედაც დგება ოქმი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2007 წლის 28 მაისის №23 დადგენილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი