დადგენილება №1/2011
12 იანვარი 2011
12 იანვარი 2011
ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011,
№
77/2011 დადგენილებით
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "დ" ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" და ,,ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 მუხლის "გ" ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 11.01.2011 №314/02 წარდგინების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2. თსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა
თსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების შესაბამისად.";
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
“21. შიდა მობილობა
1. შიდა მობილობით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი უფლებამოსილია შეიცვალოს ფაკულტეტი, ან შესაბამისად მაგისტრატურაში – სამაგისტრო პროგრამა.
2. შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
3. შიდა მობილობაში მონაწილეობა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) თსუ-ს ბაკალავრიატში, ვაკანტურ ადგილებზე, მობილობის წესით ფაკულტეტის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ სტუდენტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ბ) თსუ-ს მაგისტრატურაში, ვაკანტურ ადგილებზე, მობილობის წესით სამაგისტრო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ მაგისტრანტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა;
გ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები შიდა მობილობით ფაკულტეტის/სამაგისტრო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების გადაჭარბებით;
დ) შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვთ ამ პუნქტის "ა" - "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომლებსაც შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.
4. შიდა მობილობაში მონაწილეობა იზღუდება შემდეგი წესით:
ა) შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის სამედიცინო განათლების საგანმანათლებლო პროგრამა განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად. დაუშვებელია მობილობა პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
5. შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში.
6. შიდა მობილობის გამოცხადებასთან ერთად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განისაზღვრება ვაკანტური ადგილები ფაკულტეტების/სამაგისტრო პროგრამების მიხედვით.
7. ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
8. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის "ა" - "ბ" ქვეპუნქტების თანახმად ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი სტუდენტი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იღებს გადაწყვეტილებას ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე.
9. შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის” დამტკიცების შესახებ №57/2010 დადგენილების შესაბამისად.
10. შიდა მობილობით სტუდენტის გადაყვანა, აღიარებული კრედიტების ოდენობასთან ერთად, ფორმდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.".
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს თსუ კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი