დადგენილება №123/2012
17 დეკემბერი, 2012



ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების  სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიანი მოდელის დამტკიცების შესახებ


,,არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების  სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიანი მოდელი შემდეგი სახით:
ა)  სასწავლო–სამეცნიერო მიმართულება/კათედრა;
ბ)  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
გ)  სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი.

2.  სასწავლო–სამეცნიერო მიმართულება/კათედრა (სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ქვედა რგოლი) წარმოადგენს პროგრამის ან მომიჯნავე, მონათესავე, ერთმანეთთან მჭიდრო საგანმანათლებლო-სამეცნიერო კავშირში მყოფი პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური, ტექნიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო რესურსების ერთიანობას.

3. სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი არის სასწავლო-სამეცნიერო  მიმართულებების/კათედრების გაერთიანება.

4. სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი არის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების ან/და  სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებების/კათედრების გაერთიანება.


5. ამ დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების საჭიროებისა და შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ენიჭება ფაკულტეტს.


6. ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურული მოწყობა ამ დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით დგინდება ფაკულტეტის მიერ და აისახება ფაკულტეტის დებულებაში, რომელიც მტკიცდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.


7. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლის მომენტისთვის ფაკულტეტის მოქმედი დებულება ითვალისწინებს ფაკულტეტზე ისეთი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის არსებობას, რომელიც თავის შემადგენლობაში არ ითვალისწინებს სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების არსებობას, ფაკულტეტის სასწავლო სამეცნიერო სტრუქტურაში ამგვარმა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა შესაძლებელია ფუნქციონირება გააგრძელოს ამჟამად არსებული სახით. ასეთი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის და სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელახლა შექმნის შემთხვევაში, მისი ფორმირება სავალდებულოა წინამდებარე დებულების მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.


8. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.


9. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი