დადგენილება №112/2013
4 ოქტომბერი , 2013
4 ოქტომბერი , 2013
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობები (დანართი № 1, დანართი № 2, დანართი № 3, დანართი № 4, დანართი № 5, დანართი № 6).
2. დანამატის წლიური საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის წელს დამტკიცებული უნივერსიტეტის ბიუჯეტით ფაკულტეტისათვის გათვალისწინებული დანამატის ოდენობას.
3. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის ამ დადგენილებით განსაზღვრული დატვირთვის სასწავლო წლის ფარგლებში საშუალოკვირეული დატვირთვით შესრულება.
4. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს, აკადემიური პერსონალის მიერ თავის ვალდებულებათა სრულფასოვნად შესრულების მიზნით, პედაგოგიური დატვირთვით (სააუდიტორიო საათები), უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ აკადემიური პერსონალი.
5. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, თუ დამსაქმებელი (ფაკულტეტი) ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წესით არჩეულ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვით.
6. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს, დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ.
7. დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) ან დამსაქმებლის (ფაკულტეტი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასის დაქვითვა განხორციელდეს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია) 50%-დან, შეუსრულებელი პედაგოგიური დატვირთვის პროპორციულად (ერთი საათის საშუალო ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე).
8. დასაქვითი შრომის ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდეს შესაბამისი სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და გამოიცეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი.
9. აკადემიური პერსონალის პასუხისმგებლობა წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობაზე – შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ეკისრება შესაბამის აკადემიურ პერსონალს.
10. თსუ ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში არ მიეცემათ ,,ა“ კატეგორიის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „ა“ და „ბ“ კატეგორიის, ხოლო ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ კატეგორიის შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.
11. ცალკეული ფაკულტეტის შიგნით აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ცვლილება (დაბალი თანამდებობრივი სარგოდან მაღალ თანამდებობრივ სარგოზე გადასვლა, შესაბამისი პედაგოგიური დატვირთვის გათვალისწინებით), შესაძლებელია შესაბამის წელს დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში.
12. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 თებერვლის №7/2012 დადგენილება.
13. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) გაიცეს 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან.
14. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
15. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
16. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი