დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №71/2014 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში არასაკონკურსო - ინდივიდუალური წესით მიღების გამოცხადების შესახებ

დადგენილება №71/2014
14 ივლისი, 2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში არასაკონკურსო - ინდივიდუალური წესით მიღების გამოცხადების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილებისა  და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 11.07.2014, №21602/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში გამოცხადდეს მიღება არასაკონკურსო ფორმით - ინდივიდუალური წესით.
2.    არასაკონკურსო ფორმით პოსტდოქტორანტურაში მიღება გამოცხადდეს  1  სექტემბერს მუდმივმოქმედი მიღების რეჟიმში. წარმოდგენილი განცხადებების განხილვის ვადად განისაზღვროს 3 თვე განცხადების წარმოდგენიდან.
3.    პოსტდოქტორანტურაში ინდივიდუალური წესით მიღების მიზნებისათვის შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)   მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლელა კვინიკაძე - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დ)  თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
 ე)   რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
 ვ)  ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ)   დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
თ)    თამარ მახარაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ი)    ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
კ)   ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
4.    პოსტდოქტორანტურაში ინდივიდუალური წესით მიღებისთვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის ქონა;
ბ) არაუმეტეს 35 წლის ასაკი (პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყების მომენტისათვის);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასული არ უნდა იყოს 3 წელზე მეტი.
5.    პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა მუდმივმოქმედ საკონკურსო კომისიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული, მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) გამოქვეყნებული შრომების სია;
ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);
ვ) პოსტდოქტორანტის სავარაუდო მეცნიერ-კონსულტანტის თანხმობა კონსულტირება გაუწიოს პოსტდოქტორანტად დასაქმების მსურველ პირს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში.
ზ) პროექტი (6 თვიან პერიოდებად გაწერილი კვლევის შუალედური და საბოლოო შედეგების სახით) რაც წარმოდგენილი უნდა იქნას N1 დანართის შესაბამისად - ,,პროექტისადმი წაყენებული მოთხოვნები“.
თ) სამეცნიერო დარგის/მიმართულების ორი წამყვანი სპეციალისტის მხარდაჭერის წერილი.
6.    ინდივიდუალური წესით პოსტდოქტორანტად უნივერსიტეტში მიღება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული პროექტის ინდივიდუალური წესით, ალტერნატიული (არასაუნივერსიტეტო) დაფინანსებით უზრუნველყოფის პირობებში. დაინტერესებული პირი ვალდებულია საკონკურსო კომისიაში წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასა და ინფორმაციასთან ერთად წარადგინოს პროექტის ინდივიდუალური წესით, ალტერნატიული (არასაუნივერსიტეტო) დაფინანსებით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7.    პოსტდოქტორანტად  არ შეიძლება მიღებული იყოს პირი, რომელსაც უკავია აკადემიური და სამეცნიერო სტატუსის მქონე თანამდებობა.
8.    პოსტდოქტორანტად კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება პირს, რომლის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა უკვე დაფინანსებულია სხვა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება მის ბაზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი და ის ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც ხორციელდება მისი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა, შეფასების დაწყების ეტაპამდე წარმოადგენენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულ წერილობით დაპირებას, რომ უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტად მიღების შემთხვევაში მიმდინარე კვლევა იქნება შეწყვეტილი და მის შედეგებზე უფლებამოსილება (საავტორო ქონებრივი უფლებები, უფლებები გამოგონებაზე, პატენტი და სხვა) ხსენებულ ორგანიზაციას არ ექნება.
9.    პოსტდოქტორანტურაში მიღება, კომისიის საქმიანობისა და სხვა პროცედურული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილებით განსაზღვრული წესით.
10.    პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნებისათვის კომისიას მიეცეს უფლებამოსილება განსაზღვროს წინამდებარე დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები.
11.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
12.    წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
13.    დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                                 აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი