დადგენილება №18/2017
20 თებერვალი, 2017
20 თებერვალი, 2017
,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 15 თებერვლის №1457/10 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში. ქართულ ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუკი სადოქტორო პროგრამის ცალკეული კომპონენტი/კომპონენტები ხორციელდება ერთ-ერთ იმ ენაზე, რომელიც წარმოადგენს სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას, ასეთ შემთხვევაში, დოქტორანტს ეკისრება ვალდებულება, დისერტაციის დაცვამდე სულ მცირე ორი სემესტრით ადრე დაადასტუროს ქართული ენის ცოდნა ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატით ან გამოცდით.“;
ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დოქტორანტის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს შემდეგ აქტივობებს:
ა) მინიმუმ ერთი სემინარი (10-30 კრედიტი, სავალდებულო);
ბ) სხვა სადოქტორო სავალდებულო და არჩევითი სასწავლო აქტივობები (სასწავლო კურსები/მოდულები, პრაქტიკა, პროფესორის ასისტენტობა და სხვ.) განისაზღვრება სადოქტორო პროგრამითა და ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით.“;
გ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დოქტორანტურის სავალდებულო კვლევითი კომპონენტის შესრულება დასტურდება სადისერტაციო ნაშრომის წარმოდგენით და დაცვით.“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე