2008-03-05
ბრძანება №:0

2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინების განმეორებით მოსმენის პროცესის მოწესრიგების მიზნით (ბრძანება #13/01-01)

ბრძანება # 13 / 01-01
       05.03.2008 წ

 

2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინების განმეორებით მოსმენის პროცესის მოწესრიგების მიზნით

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად

ვბრძანებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინის მოსმენა და შესაბამისი კრედიტის მინიჭება 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში განხორციელდეს შემდეგი წესების დაცვით:

  1. სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებსა და დაფინანსების (სემესტრული გადასახადის) ფარგლებში განმეორებით მოისმინოს ცალკეული დისციპლინები სემესტრულ სამუშაო ნორმად დადგენილი კრედიტების ოდენობის დაცვით.
  2. სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, უფლება მიეცეს თვითდაფინანსების გზით დაასრულოს სასწავლო პროგრამა მომდევნო, არაუმეტეს, ოთხი სემესტრის მანძილზე. დამატებით სემესტრში სწავლის საფასური განისაზღვროს დეკანატის წარდგინების საფუძველზე, ჩასაბარებელი საგნების კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახადის შესაბამისად. სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად განმეორებისას საფასური განისაზღვროს მიმდინარე სასწავლო წელს დადგენილი ტარიფით. ცალკეული დისციპლინის განმეორებით შესწავლისას საფასური განისაზღვროს საგნისათვის მინიჭებული სრული კრედიტული მოცულობის შესაბამისად, ბაკალავრიატში ყოველ კრედიტზე 25 ლარის, ხოლო მაგისტრატურაში 35 ლარის ოდენობით.
  1. თსუ-ს ან პარტნიორი კვლევითი ინსტიტუტების ყოფილ ასპირანტებსა და მაძიებლებთან, რომელთაც შესასრულებელი აქვთ სასწავლო ან კვლევითი კომპონენტის გარკვეული ნაწილი, თსუ-ის დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან ორი თვის ვადაში დაიდოს ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება შესასრულებელი მოთხოვნებისა და გადასახადის ოდენობა. გადასახადი გამოითვალოს შესასრულებელი კრედიტების შესაბამისად, ერთ კრედიტზე 35 ლარის ოდენობით.
  2. უნივერსიტეტის ფაკულტეტებს მიეცეთ უფლება ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების ფონდის ფარგლებში დააფინანსონ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა სწავლა ნაწილობრივ ან სრულად  ფაკულტეტის მიერ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე.
  3. სტუდენტი უფლებამოსილია ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლიდან არაუმეტეს 4 კვირის ვადაში მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სტუდენტი კარგავს თანხის დაბრუნების ან მომდევნო სემესტრებში მისი გამოყენების მოთხოვნის უფლებას.
  4. სტუდენტის მიერ თსუ-ში დადგენილ ვადებში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის გარეშე სასწავლო პროცესში მონაწილეობა არ წარმოშობს მის უფლებას, მოითხოვოს დამატებით ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა და მიღებული მომსახურების (შუალედური შეფასებების) აღიარება.
  5. ბრძანების შესრულება უზრუნველყოს უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტმა.
  6. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდეს გაზეთში “თბილისის უნივერსიტეტი”, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
  7. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
  8. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

 რექტორი, პროფესორი 
  გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება