2011-05-16
ბრძანება №:80/02-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე ,,თანდართული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესი“.
-
სტაჟიორთა კონკურსის წესით შერჩევის მიზნით შეიქმნას ,,სტაჟირების კომისია“ შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით ჩომახიძე - კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ბ) ლევან ალექსიძე - კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
გ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ე) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
ვ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
ზ) გიორგი გაფრინდაშვილი - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე (კომისიის წევრი);
- კომისიის წევრთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (კომისიის წევრად უნივერსიტეტის სხვა თანამდებობების პირთა მიღების გადაწყვეტილება).
-
კომისიის მუშაობის შედეგების ოქმებში ასახვა დაევალოს უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში-უნივერსიტეტი) სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2.
1. სტაჟირების მიზანს წარმოადგენს კადრების მომზადება უნივერსიტეტის სისტემაში საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის.
2. სტაჟირების მიზნების მისაღწევად, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტი ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში, ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად უნივერსიტეტში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.
მუხლი 4.
1. მოთხოვნას სტაჟიორთა რაოდენობის თაობაზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საჭიროების მიხედვით წარუდგენენ სტრუქტურული ერთეულებიs ხელმძღვანელები.
2. უნივერსიტეტის ცალკეული სტრუქტურული ერთეულის, სტაჟიორთა რაოდენობას, წარმოდგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით ყოველწლიურად ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
თავი II. სტაჟირების კომისია
მუხლი 5.
1. სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი სტაჟირების კომისია (შემდგომში – კომისია). ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნის თაობაზე.
2. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. კონკურსი ტარდება გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. კონკურსის ფორმას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიის წარდგინებით ადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რაც აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში.
3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 3 წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. კომისიის წევრები თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.
4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.
5. კომისიის მდივანი აწარმოებს კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას (გარდა სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციისა), ადგენს ოქმებსა და სხვა შესაბამის მასალას.
6. კონკურსის თემატიკას უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიხედვით განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და დამსწრე წევრები.
10. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
მუხლი 6.
1. სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი).
2. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომელთაგან იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში - სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
3. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
4. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა.
5. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება.
თავი III. კონკურსის გავლა, სტაჟიორის მიღება და სტაჟირების გავლის ვადები.
მუხლი 7.1. სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უნივერსიტეტის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან შესაბამისი სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.
2. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო წელი.
3. სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
მუხლი 8.
1. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საცხოვრებელი მისამართის ჩანაწერით);
გ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი, თუ კანდიდატს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატმა -ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
დ) რეკომენდაცია;
ე) ორი ფოტოსურათი (3X4);
ვ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ.
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღებისა და საბუთების შემოწმების ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. აღნიშნული ვადები მიეთითება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში.
3. კანდიდატმა კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა სტაჟირებაზე. (დანართი N1).
მუხლი 9.
1. სტაჟიორობის კანდიდატის საბუთებს ამოწმებს კომისიის სამდივნო, რომელიც კანდიდატის კონკურსზე დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დოკუმენტაციას წარუდგენს კომისიას.
2. კონკურსზე დაშვებული კანდიდატების სია დადგენილ ვადაში გამოიკვრება უნივერსიტეტის შენობაში სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას ან უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მუხლი 10.
1. გადაწყვეტილებას კონკურსის წარმატებით გავლის შესახებ იღებს კომისია. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კონკურსზე მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი ან შესაბამისი დარგის სხვა მოსამსახურე.
2. კომისიის წარდგინების საფუძველზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იღებს კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით. ბრძანებაში მიეთითება უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, სადაც დაინიშნება სტაჟიორი, ასევე სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტაჟირების გავლის პროცესს. ხელმძღვანელად, როგორც წესი, ინიშნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება კომისიის წარდგინების საფუძველზე, ასევე კონკურსის გარეშე პირის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებულ იქნეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეზე.
მუხლი 11.
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 4 თვით. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიერ პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნისას, სტაჟირების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
2. სტაჟიორს სტაჟიორად დანიშვნის შემდეგ შესაძლოა მიეცეს სტაჟიორის მოწმობა, რომლის ფორმა მტკიცდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბრძანებით.
3. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სტაჟირების ხელმძღვანელი და უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
4. გასაუბრების შედეგად მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
5. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი, რომლის ფორმა მტკიცდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
თავი IV. სტაჟირების საერთო პირობები
მუხლი 12. 1. უნივერსიტეტი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟიორის ხელმძღვანელი უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას, აკონტროლებს მის მიერ ამ წესითა და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მისი უფლებების განხორციელებას.
3. ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულება და განუსაზღვროს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს დაწესებულების და სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
მუხლი 13.
სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას;
დ) ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს წინადადება მისი სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანის შესახებ;
მუხლი 14.
1. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) სტაჟიორად დანიშვნიდან არაუგვიანეს ორი კვირისა საფუძვლიანად გაეცნოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას;
ბ) უფლებამოსილების განხორციელებისას განუხრელად იხელმძღვანელოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა კანონიერი დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ;
დ) იქონიოს კონტაქტი იმ დაწესებულების მოხელეებთან, სადაც გადის სტაჟირებას;
ე) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
2. ხელწერილი, უნივერსიტეტის ან დაწესებულების შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.
3. კონტროლს სტაჟიორის მიერ მისი მოვალეობების შესრულებაზე ახორციელებს სტაჟიორის ხელმძღვანელი.
მუხლი 15.
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანის შესახებ.
2. სტაჟიორის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.
მუხლი 16.
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება.
ბ) ამ წესის დადგენილი სხვა შესაბამისი ნორმების დარღვევა;
გ) არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟიორის შესაბამის ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;
დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საკუთარი ინიციატივით ან სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წინადადების საფუძველზე.
მუხლი 17.
დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.