2013-11-04
ბრძანება №:137/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი დამატებითი ღონისძიებების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,ო" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სასწავლო კურსის სილაბუსებში მითითებული ლიტერატურისა და უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდს შორის არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, 2014 წლის 1 იანვრამდე თსუ ბიბლიოთეკას მიაწოდოს დამტკიცებული სასწავლო კურსების სილაბუსების ელექტრონული ვერსიები.
2. დაევალოს თსუ ბიბლიოთეკას, 2014 წლის 1 მაისამდე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან მიღებული მონაცემების ანალიზის  საფუძველზე, ელექტრონულ კატალოგში უპირველეს ყოვლისა შეიტანოს ის   საბიბლიოთეკო ერთეულები, რომლებიც მითითებულია სილაბუსებში და დაცულია ბიბლიოთეკის წიგნად ფონდებში.
3. 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდეს სილაბუსების ინტერნეტ გვერდზე sms.tsu.ge ატვირთვის ახალი წესი, რომლის თანახმადაც:
ა) სასწავლო კურსის სილაბუსები ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირისათვის ნებისმიერ დროს.
ბ) სილაბუსის ინტერნეტ საიტზე განთავსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მითითებული ძირითადი სასწავლო ლიტერატურა მოიძებნება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში.

4. დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს, 2014 წლის 1 მაისამდე მოახდინოს ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს, 2014 წლის პირველ სექტემბრამდე შესაბამისობაში მოიყვანონ დამტკიცებული სილაბუსები წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებულ ატვირთვის წესთან.
6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
7. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტმენტს.
8. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის.
9.  ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                                     ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება