2020-03-06
ბრძანება №:52/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეპარტამენტების უფროსებისა და პერსონალისათვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლების მინიჭების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეპარტამენტების უფროსებისა და პერსონალისათვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლების მინიჭების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 10 თებერვლის N2215/10 და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 07 თებერვლის N2151/10 სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსს/უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მიენიჭოს აკადემიურ, სამეცნიერო, ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად მოწვეულ და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალთან შრომით ხელშეკრულებებზე უნივერსიტეტის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება.
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსს/უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მიენიჭოს უნივერსიტეტის მიერ მოპოვებული ეროვნული თუ საერთაშორისო საგრანტო პროექტების განხორციელებისას, ამ პროექტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ასევე მათი შესრულებისთვის (მომსახურებისათვის) აუცილებელ შესაბამის პერსონალთან გასაფორმებელ შრომით ხელშეკრულებებზე უნივერსიტეტის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება.
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებით დადებული შესაბამისი (იჯარის, ქირავნობის და სხვ.) ხელშეკრულების საფუძველზე გასაფორმებელ, უნივერსიტეტის მიერ უნივერსიტეტის უძრავ ქონებაში მესამე პირთათვის მომსახურეობის გაწევის ხელშეკრულებების შესრულების შედეგად გასაფორმებელ და უნივერსიტეტში სახელმწიფო შესყიდვის შედეგად გასაფორმებელ მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს შესაბამის ხელშეკრულებაში მითითებულ (თანამდებობის დაფიქსირებით) პერსონალს.
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსს/უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მიენიჭოს სამივლინებო მოწმობის ხელმოწერის უფლებამოსილება (აღნიშვნებს უნივერსიტეტში გამოცხადებისა და უნივერსიტეტიდან გამგზავრების შესახებ აკეთებს საქმისწარმოების განყოფილების უფროსი და ადასტურებს კანცელარიის ბეჭდით).
5. წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი შესაბამისი დოკუმენტაცია საჭიროების შემთხვევაში უნდა დადასტურდეს უნივერსიტეტის სახელმწიფო გერბიანი ბეჭდით.
6. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
7. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე