2014-05-07
ბრძანება №:65/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის #31 დადგენილებით (ცვლილება შეტანილია 2013 წლის 18 ნოემბრის N126 დადგენილებით) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 მარტის #02/04 ერთობლივი ბრძანების "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დ. თვალთვაძის 2014 წლის 25 აპრილის #13466/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.
უნივერსიტეტის პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.
უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
4.
კონკურსი გამოცხადდეს 2014 წლის 7 მაისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 9 ივნისიდან 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2014 წლის 14 ივლისისა.
5.
კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
ამერიკისმცოდნეობა, ამერიკული ლიტერატურა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
აღმოსავლეთმცოდნეობა, არმენოლოგია
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ინგლისური ფილოლოგია, ლექსიკოგრაფია
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
კავკასიოლოგია, კავკასიური ენები
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
მსოფლიო ისტორია, ისტორიის თეორია და დიდაქტიკა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
6.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება 2014 წლის 9 ივნისიდან 2014 წლის 20
ივნისის ჩათვლით. 1000 დან 1800 საათამდე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 207;
8.
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა