2020-03-12
ბრძანება №:57/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე

მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში არსებული კორონავირუსის ინფექციის (Covid – 19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში -  ,,უნივერსიტეტი“) ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დასაქმებულთა ნაწილობრივ დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანისა და შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თოაბაზე.
უნივერსიტეტმა იხელმძღვანელა, რა ,,საქართველოს კონსტიტუციის“ მე-5 მუხლის, მე-4 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც უნივერსიტეტის პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების მქონე მართვის ორგანო, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“, და ,,პ” ქვეპუნქტებისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები“-ს მე-19 მუხლის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. უნივერსიტეტში დასაქმებულ ორსულ, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებულებს, მიეცეთ უფლება, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, განსაზღვრონ სამუშაო რეჟიმის შეღავათიანი გრაფიკი და ნაწილობრივ გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გრაფიკის შესაბამისად.
2. დასაქმებულებს, რომელთაც ჰყავთ სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხურის) ასაკის შვილები, სააღმზრდელო და სასკოლო დაწესებულებებში არდადეგების დასრულებამდე მიეცეთ უფლება, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, განსაზღვრონ სამუშაო რეჟიმის შეღავათიანი გრაფიკი და ნაწილობრივ გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გრაფიკის შესაბამისად.
3. წინამდებარე ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დასაქმებულების გარდა, სხვა დასაქმებულებს უფლება მიეცეთ სამუშაო კვირის განმავლობაში 1 სამუშაო დღე თავისი უფლებამოვალეობები და ფუნქციები შეასრულონ სრულად დისტანციურად, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებული სამუშაო გრაფიკის და ამ გრაფიკით გათვალისწინებული რიგითობის მიხედვით.
4. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასაქმებულთა სია, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დისტანციური მუშაობის გრაფიკი (შესაბამის დასაქმებულთა სიასთან ერთად) გაეგზავნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არაუგვიანეს 2020 წლის 13 მარტისა.
5. წინამდებარე ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილებები, დამატებები და შესწორებები განხორციელდეს საჭიროებისამებრ, პერიოდულად და გაეგზავნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ცვლილებების საჭიროების დადგომიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში.
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის დაგზავნა და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას. 
8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედებს 2020 წლის 1 აპრილამდე.
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება