2011-12-05
ბრძანება №:121/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის დირექტორის ცალკეული ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის დირექტორის ცალკეული ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე

    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი”) ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის ლიკვიდაციის შემდგომ, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტიდან 2008 წლის 19 დეკემბერს მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო სტუდენტთა პირადი საქმეები, თუმცა ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ფილიალის დირექტორის ცალკეული ბრძანებები ფაკულტეტისათვის არ იქნა გადაცემული.
    უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსის 2011 წლის 5 აგვისტოს №965/01-11-10 წერილით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს დამატებით გადაეგზავნა ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის დირექტორის ცალკეული ბრძანებები ფილიალის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ.  
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას დადგინდა, რომ ზემოხსენებულ ბრძანებებში დაფიქსირებული სტუდენტების მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს შესრულებული საბაკალავრო პროგრამა. უნივერსიტეტის კანცელარიაში, არქივსა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არ არსებობს მათ მიერ საბაკალავრო პროგრამის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ცალკეულ სტუდენტებს, რომელთაც შესრულებული ჰქონდათ საბაკალავრო პროგრამა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ უკვე მიენიჭათ შესაბამისი აკადემიური ხარისხი.
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით. შესაბამისად, აკადემიური ხარისხის მინიჭების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამის შესრულება.
  
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ,,ჰ14” ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტი არის პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად. როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას გაირკვა, არ არსებობს ცალკეულ პირთა მიმართ სტუდენტის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბრძანება ჩარიცხვის თაობაზე), რაც ასევე წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მოპოვების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად, აკადემიური ხარისხის მოპოვების ერთ-ერთ წინაპირობას.
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ19” ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული (ფაკულტეტი) არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.  ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის დირექტორის 2007 წლის 3 აგვისტოს №47/01, 2007 წლის 8 აგვისტოს 48/01 და 2007 წლის 29 სექტემბრის №57/01 აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე ბრძანებებში საფუძვლად ფიქსირდება დეკანის წარდგინება, საკვალიფიკაციო – საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია უნივერსიტეტში არ არსებობს, შესაბამისად, არ მოიპოვება ბრძანებების დოკუმენტურად დადასტურებული სამართლებრივი საფუძველი.
    როგორც უკვე აღნიშნულ იქნა აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და აკადემიური ხარისხი, ხოლო ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის დირექტორის ზემოაღნიშნული ბრძანებები კანონმდებლობის დარღვევით ცალკეულ სტუდენტებს ანიჭებს ბაკალავრის ორმაგ აკადემიურ ხარისხს.
    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძვლიანობის შემოწმების, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების და ურთიერთშეჯერების შედეგად, უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არსებობს ცალკეულ სტუდენტთა მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ დასტურდება ცალკეული სტუდენტების მიერ საბაკალავრო პროგრამის შესრულება, არ არსებობს საკვალიფიკაციო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება და დეკანის წარდგინება, არ არსებობდა მათთვის აკადემიური ხარისხის მინიჭების დოკუმენტურად დადასტურებული სამართლებრივი საფუძველი. ასევე ხსენებულ პირებს კანონმდებლობის დარღვევით მიენიჭათ ორმაგი აკადემიური ხარისხი, შესაბამისად, ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის დირექტორის 2007 წლის 3 აგვისტოს №47/01, 2007 წლის 8 აგვისტოს 48/01 და 2007 წლის 29 სექტემბრის №57/01 აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე ბრძანებები ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და არსებითად დარღვეულია მათი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი  და მე-2 ნაწილების თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნობის საფუძველს.

    ზემოხსენებულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, მე-601 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-7 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის  მე-2 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 3 ნოემბერს №39125/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,  


ვბრძანებ:

  1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ქვემო ქართლის ფილიალის დირექტორის 2007 წლის 3 აგვისტოს №47/01, 2007 წლის 8 აგვისტოს 48/01 და 2007 წლის 29 სექტემბრის №57/-1 ბრძანებები მათი ძალაში შესვლის დღიდან.
  2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
  3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
  4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
  5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებულ იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან (საჯაროდ გამოცხადებიდან) 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).





რექტორი                                           ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება