2013-12-26
ბრძანება №:182/01-01

"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" რექტორის 2012 წლის 12 ივლისის№84/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა”, "პ" ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის, საგამოცდო ცენტრის უფროსის 2013 წლის 09 დეკემბრის №38159/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" რექტორის 2012 წლის 12 ივლისის  №84/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"  

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქცია თანდართული დანართებით (დანართი #1)."
2. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები დანართი #1-ით დამტკიცებულ "(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციაში":
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქცია"

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) გამოცდების ჩატარების ინსტრუქცია (შემდგომში – ,,ინსტრუქცია“) განსაზღვრავს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წერითი შუალედური, დასკვნითი/დამატებითი გამოცდების, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების (შემდგომში - ,,გამოცდების”) ორგანიზებულად ჩატარების წესებს."

გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
"6. მიზანშეწონილია ლექტორის ჩართულობა გამოცდის მსვლელობაში. აგრეთვე კომენტარების დაფიქსირება ნაშრომების გასწორებისას."

დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ა) ჩაიბაროს საგამოცდო ნაშრომები და მოახდინოს მათი აღრიცხვა შესაბამის ჟურნალში;"

ე) მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"3. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) გამოცდის ჩატარებიდან მომდევნო სამუშაო დღის 12 საათის შემდეგ საგანმანათლებლო ერთეულის უფლებამოსილი პირისგან ჩაიბაროს საგამოცდო ნაშრომები შესაფასებლად.
ბ) შეაფასოს ნაშრომები მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და არაუგვიანეს მეექვსე დღის 12 საათისა წარადგინოს საგანმანათლებლო ერთეულის უფლებამოსილ პირთან.
4. საგამოცდო ცენტრი ვალდებულია შეფასებული ნაშრომები ჩაიბაროს საგანმანათლებლო ერთეულის უფლებამოსილი პირისგან და ნაშრომების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში გამოცდის შედეგები დააფიქსიროს სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში."

ვ) მე-6 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგამოცდო ცენტრი/ საგანმანათლებლო ერთეული განცხადების/საჩივრის მიღების ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს:
ა) სტუდენტისთვის თავისი ნაშრომის გაცნობას;
ბ) საგანმანათლებლო ერთეულის უფლებამოსილ თანამშრომელთან იმ სტუდენტთა დაშიფრული ნაშრომების გადაგზავნას, რომელებიც არ ეთანხმებიან გამოცდაზე მიღებულ შეფასებას და მოითხოვენ შედეგების გადასინჯვას.
გ) მიზანშეწონილია აპელაციის შემთხვევაში შედგეს ლექტორსა და სტუდენტს შორის კომუნიკაცია და განემარტოს სტუდენტს მის მიერ ნაშრომში დაშვებული შეცდომები.
3. საგანმანათლებლო ერთეულის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გასასწორებლად გადასცეს ისინი სააპელაციო კომისიას/ლექტორს, რომელიც თავის მხრივ 2 სამუშო დღის ვადაში უზრუნველყოფს აპელაციის დასკვნის მიწოდებას საგანმანათლებლო ერთეულის  უფლებამოსილი თანამშრომლისათვის.
4. საგანმანათლებლო ერთეულის  უფლებამოსილი თანამშრომელი ერთ სამუშაო დღეში ნაშრომის ასლს უბრუნებს საგამოცდო ცენტრს.“

ზ) მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამის საგანმანათლებლო ერთეულზე ჩატარებული გამოცდების შეფასებების აღრიცხვას სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში.
2. საგანმანათლებლო ერთეული ვალდებულია, დასკვნითი საგამოცდო პერიოდის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა დაასრულოს შუალედური შეფასებების შეტანა სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში, რომელიც აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე დაიხურება.
3. იმ შემთხვევაში, თუ დათქმულ ვადაში სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში არ იქნა შეტანილი შუალედური შეფასებები, პედაგოგი ან/და ინფორმაციის შეტანაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი, საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის შუამდგომლობით წარმოადგენს ახსნა-განმარტებით ბარათს საგამოცდო ცენტრში, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სისტემაში მაქსიმუმ ერთ სამუშაო დღის ვადაში.
4. თუ სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში შუალედური შეფასებების აღრიცხვის დროს დაშვებულია შეცდომა, პედაგოგი ან/და ინფორმაციის შეტანაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ვალდებულია, საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის შუამდგომლობით, ახსნა-განმარტებითი ბარათით მიმართოს საგამოცდო ცენტრს, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები სისტემაში და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება დასკვნითი გამოცდის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში.
6. საგამოცდო ცენტრი ვალდებულია შუალედური, დასკვნითი/დამატებითი გამოცდებისა და აპელაციების პროცესის დასრულების შემდეგ სასწავლო პროცესის მართვის სისტემიდან ამობეჭდილი უწყისები (საგამოცდო ცენტრი პასუხისმგებელია, მხოლოდ მის მიერ ჩატარებული შუალედური, დასკვნითი/დამატებითი გამოცდების შეფასებებზე) საგამოცდო ცენტრის უფროსის /ან ცენტრის მოადგილის ხელმოწერით, მიაწოდოს შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის უფლებამოსილ პირს (მათი მოთხოვნის საფუძველზე)."

თ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. საგნებში, რომლის გამოცდა შედგება წერითი და ზეპირი კომპონენტისაგან, გამოცდის ზეპირი კომპონენტის ჩატარებას უზრუნველყოფს საგანმანათლებლო ერთეული. ზეპირი კომპონენტის უწყისის ასლი ეგზავნება საგამოცდო ცენტრს."

ი) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"4. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საგანმანათლებლო ერთეულის თანამშრომელი, დოქტორანტურის სტუდენტი ან ხელშეკრულებით მოწვეული პირი."

კ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2. ამ მიზნით შექმნილი კომისიის წევრი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის  პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ–პროფესორი, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას საგამოცდო ნაშრომის გასწორებასა და მის აპელაციაში, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ან/და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი;"

ლ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"მუხლი 12. გარდამავალი დებულება
წინამდებარე ინსტრუქციის მე–2 მუხლის მე–4 პუნქტი ამოქმედდეს საგანმანათლო ერთეულის მიერ გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შემდეგ / ჩატარების წესში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ.“

3. შევიდეს ცვლილება დანართი №2-ით დამტკიცებულ ,,გამოცდის მსვლელობისას სტუდენტთა ქცევის წესებში" და მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"10. საგამოცდო ფურცელზე ამისათვის განკუთვნილ ადგილას სტუდენტმა უნდა დაწეროს სახელი, გვარი, საგანმანათლებლო ერთეული, საგნის დასახელება და ლექტორის სახელი და გვარი."

4. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. ბრძანება ძალაშია  საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი                                     ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება