2014-07-18
ბრძანება №:12/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციისა და 2015-2018 წლის უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით კომისიის შექმნისა და ფუნქციათა განაწილების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ზ“, ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-12 პუნქტების,  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“, ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების დებულებებისა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის,  აგრეთვე ’’თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია 2014” სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციისა და 2015-2018 წლის უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა - კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი;
ბ) დავით ჩომახიძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გ) ლევან ალექსიძე - კომისიის წევრი, რექტორის მოადგილე;
დ) მარინე ჩიტაშვილი - კომისიის წევრი, რექტორის მოადგილე;
ე) მერაბ ელიაშვილი - კომისიის წევრი, რექტორის მოადგილე;
ვ) ალექსანდრე ცისკარიძე - კომისიის წევრი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
ზ) დარეჯან თვალთვაძე - კომისიის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
თ) თამარ მახარაძე - კომისიის წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ი) თეიმურაზ ბერიძე - კომისიის წევრი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
კ) ირაკლი ბურდული - კომისიის წევრი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ლ) რამაზ ბოჭორიშვილი - კომისიის წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
მ) თამარ ვეფხვაძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
2. კომისიამ პირველ სამ სხდომაზე განსაზღვროს შესასრულებელი საკითხების ზუსტი ჩამონათვალი, სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა და მათ საქმიანობაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრები, შესრულების ვადები. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება შეიძლება ეთხოვოს, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ასევე თსუ აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე. სამუშაო ჯგუფში შეიძლება მოწვეული იყოს უცხოელი კოლეგა/ექსპერტი, თსუ საპატიო დოქტორის მქონე აკადემიური პერსონალი ან/და შესაბამისი მიმართულების/დარგის სპეციალისტი.
3.    კომისიის მუშაობა უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2014 წლის 15 დეკემბრისა.
4.    წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში კომისიას დაევალოს:
ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ძირითადი და დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სტრუქტურის პროექტის შემუშავება (ორგანიზაციული მოწყობის მოდელის ძირითადი კონცეფცია);
ბ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, დამხმარე და აკადემიურ სფეროში საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობისა და აკადემიური პერსონალისადმი წაყენებული საერთო საუნივერსიტეტო, სამეცნიერო მინიმალური სტანდარტის შემუშავება;
გ) ეფექტიანობის მენეჯმენტის სტრატეგიის შემუშავება:
გ.ა) ანგარიშვალდებულებისა და ფინანსური გამჭვირვალეობის მიზნით შემოსავლების ოპტიმალური გადანაწილების მოდელისა და ეფექტიანობის მართვის ინდიკატორების სისტემის შემუშავება;
გ.ბ) საჭირო ინდიკატორების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სახით მოპოვებისა და ფინანსური გამჭვირვალობის მიზნით საინფორმაციო სისტემების განვითარების სტრატეგიის შემუშავება.
5.    კომისიის მუშაობის შედეგები ეტაპობრივად განთავსდეს თსუ ვებგვერდზე, საჯარო განხილვისათვის.
6.    დაევალოს უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, კომისიის მიერ შემუშავებული უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტის განხილვა 2014 წლის 15 ნოემბრამდე.
7. უნივერსიტეტის სტრუქტურის პროექტისა და 2015-2018 წლის უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით, ქალბატონი მარინე ჩიტაშვილის (კომისიის წევრი, რექტორის მოადგილე) ხელმძღვანელობით შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაძლებელია დაკომპლექტდეს მოწვეული  ექსპერტებითა და უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებით. გარდა აღნიშნული ფუნქციისა დროებით ჯგუფს დაევალოს სტრატეგიული განვითარების მიმართულებით  უნივერსიტეტში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი საფუძვლების მომზადება.
8. კომისიის მიერ განხილული იქნას და რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ ერთობლივი წარდგინებით 2014 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოფილი იქნას უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოზე დროებითი სამუშაო ჯგუფის მომზადებული უნივერსიტეტის სტრუქტურის პროექტის განსახილველად წარდგენა.
9. კომისიის მიერ განხილული იქნას და რექტორისა და ადმინსტრაციის ხელმძღვანელის მიერ ერთობლივი წარდგინებით 2014 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოფილი იქნას უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე დროებითი სამუშაო ჯგუფის მომზადებული  2015-2018 წლის უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტის წარდგენა.    
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
11. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
12. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
13. ბრძანება შეიძლება საგაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6).


რექტორი, პროფესორი                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის
შემსრულებელი                                                                                            ერმი ქემოკლიძე

« უკან დაბრუნება