2018-02-07
ბრძანება №:28/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ: 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში „უნივერსიტეტი“) სტუდენტების საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და ერთსაფეხურიანი სამედიცინოს სტუდენტების დაფინანსებას შერჩევის საფუძველზე, აკადემიური შედეგების გათვალისწინებით.
2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატების შერჩევა/შეფასება, ასევე, ფაკულტეტებისათვის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან სტუდენტების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ოდენობის განსაზღვრა, ხორციელდება ფაკულტეტების მიერ დადგენილი წესით.
3. სტუდენტების საუნივერსიტეტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს უნივერსიტეტის ბიუჯეტის ეკონომიკური შემოსავლების 2 (ორ) პროცენტს. საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობა დგინდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
4. საუნივერსიტეტო დაფინანსების აბსოლუტური სიდიდე თითოეულ ფაკულტეტზე ნაწილდება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით.
5. შერჩეულ საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა სიას ფაკულტეტები წარადგენენ სასწავლო პროცესის მართვისა და საფინანსო დეპარტამენტებში შესაბამისი სემესტრის საგამოცდო პერიოდის დაწყებამდე.
6. სასწავლო პროცესის მართვის და საფინანსო დეპარტამენტები ადგენენ ფაკულტეტების მიერ წარდგენილი საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა სიების შესაბამისობას ამ ბრძანების მე-8 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან. საფინანსო დეპარტამენტი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/ერთსაფეხურიანი სამედიცინოს სტუდენტების საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე ბრძანების პროექტს ფაკულტეტების შესაბამისად.

7. საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მყოფ სტუდენტთა ერთიანი სია ფაკულტეტების შესაბამისად მტკიცდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
8. საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა:
ა)სტუდენტებზე, რომლებსაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო/ალტერნატიული დაფინანსების სრული ოდენობა. ნაწილობრივი ოდენობის შემთხვევაში საუნივერსიტეტო დაფინანსება გაიცემა მის პროპორციულად, სწავლის საფასურის სრულად შესავსებად.
ბ)სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და გათვალისწინებულნი არიან დაფინანსებაში.
გ) ბაკალავრიატის პირველი სემესტრის სტუდენტებზე.
დ) დამატებითი სემესტრის სტუდენტებზე.
ე) სტუდენტებზე, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური.
ვ) წინა კალენდარულ სემესტრში სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე.
9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის   21 მარტის N47/01-01 ბრძანება წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტს.
11. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.


რექტორი                გიორგი შარვაშიძე


« უკან დაბრუნება