2019-09-10
ბრძანება №:213/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის N111/ნ ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 06 სექტემბრის N16785/26 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადად 10-12 სექტემბერი;
2. განისაზღვროს 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
2.1. განცხადება;
2.2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
2.3. ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
2.4. ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო
პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
2.5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2.6. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის).
3. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:
3.1. გამოცდა – 13 სექტემბერი (12:00 სთ.);
3.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
3.3. გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 17 სექტემბერი;
3.4. საბოლოო შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
3.5. ხელშეკრულების გაფორმება – 19 სექტემბერი;
3.6. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 20 სექტემბერი.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება