2018-07-12
ბრძანება №:190/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 19 მაისის N18/04 ერთობლივი ბრძანებისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ცხადაძის  2018 წლის 11 ივნისის  N11818/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის  შესარჩევად.
2. სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 700  (შვიდასი) ლარით. 
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ბაკალავრის  აკადემიური  ხარისხი; 
ბ) ქართული  ენის ფლობა (კითხვა, წერა, მეტყველება);
გ) ინგლისური ენის ფლობა  (B-2 დონე);
დ)  კომპიუტერული პროგრამების - Microsoft Office; Internet Browser ცოდნა; 

4. კანდიდატი უნდა იცნობდეს შემდეგ დოკუმენტებს: 
ა)  საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;
ბ)  საქართველოს შრომის კოდექსი;
გ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
დ) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება;

5. კანდიდატი უნდა იცნობდეს ბოლონიის პროცესის დოკუმენტების ძირითად პრინციპებს.

6. უპირატესობა  მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც აკმაყოფილებს  შემდეგ მოთხოვნებს:
ა)  აქვს ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;


ბ) არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის/ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის /იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული;
გ) აქვს კვლევების ჩატარების (კვლევებში მონაწილეობის) გამოცდილება (კითხვარების მომზადება, ანალიზი და სხვა); 
დ)   აქვს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
ე)  აქვს ტრენინგების ჩატარების / ფასილიტაციის გამოცდილება;
ვ) აქვს შრომის ბაზრის საკითხებთან, შრომით უფლებებთან, ადამიანური რესურსების განვითარებასთან დაკავშირებული  ცოდნა და გამოცდილება.

7. აპლიკანტს მოეთხოვება: 
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა; 
ბ) დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ)  ოპერატიულობა;
დ) ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
ე)  გუნდურობა და კომუნიკაბელურობა. 

8. შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება  შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა)სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება ცენტრის მუშაობის ძირითადი საკითხების შესახებ;
ბ) სტუდენტებისთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა კარიერული განვითარების, შრომის ბაზრის საკითხებზე;
გ)საჭიროების  შემთხვევაში  სტუდენტების  დახმარება სააპლიკაციო დოკუმენტებთან დაკავშირებით ( CV - ს, სამოტივაციო წერილის გადახედვა, რჩევები, რეკომენდაციები);
დ) სტუდენტების ინფორმირება (ელ-ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სხვა გზავნილების საშუალებით) კონკრეტული ვაკანსიების შესახებ, დამსაქმებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელება სტუდენტებს შორის; ინფორმაციის მიწოდება სასწავლო სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების შესახებ;
ე) დამსაქმებლების მონაცემთა ბაზის მონიტორინგი და განახლება;
ვ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების ფასილიტაცია;
ზ) ცენტრის  მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ადმინისტრაციული// საორგანიზაციო / ლოჯისტიკური მხარდაჭერა;
თ) ცენტრის ვებ-გვერდისა და ფეისბუქ-გვერდის ადმინისტრირება და მართვა; ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მასზე ახალი ინფორმაციის განთავსება;
ი)თსუ-ს ადმინისტრაციასთან, ფაკულტეტებთან ურთიერთობის კოორდინირება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებისა და დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით; 
კ) დამსაქმებლებთან რეგულარული და ეფექტური კომუნიკაცია, დამსაქმებლებთან შეხვედრების ორგანიზება უნივერსიტეტში;  დასაქმების ფორუმების დაგგემვა და ღონისძიებების საორგანიზაციო მხარდაჭერა; 
ლ) დასაქმების საიტებზე განთავსებულ ინფორმაციის მონიტორინგი ახალი პოტენციური პარტნიორების მოძიებისა და მათთვის თანამშრომლობის შეთავაზების მიზნით;
მ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, სტუდენტების რეგისტრაცია, ტრენინგების ფასილიტაცია; 
ნ) კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევების ორგანიზება. 
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
ბ) სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (მაქსიმუმ. 300 სიტყვა);
ბ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
ე)სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის/კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
10. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან  გასაუბრებას, (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
11. სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის 
სტუდენტთა     კარიერული     განვითარების    ცენტრის    კონსულტანტის    შერჩევის   მიზნით 
არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივლისისა შეიქმნას საკონკურსო კომისია და დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით კომისიის მუშაობის წესი.
12. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2018 წლის 17 ივლისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge  სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტი“.
13. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge  და www. Jobs.ge  .
14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 10 აგვისტოსი.
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
   

ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                  ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება