2012-11-16
ბრძანება №:154/01-01
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "ს" ქვეპუნქტების და მე-4 პუნქტის, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-2 პუნქტების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 30 ოქტომბრის №37/04 ერთობლივი ბრძანების "ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“, 2012 წლის 15 ნოემბრის №151/01-01 რექტორის ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ი. ბურდულის 2012 წლის 14 ნოემბრის №29527/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 16 ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 17 დეკემბრიდან 2012 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2013 წლის 17 იანვრამდე;
5. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა სამსახურში მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:
ა) სისხლის სამართლის მიმართულება
სრული პროფესორი –1 საშტატო ერთეული;
ბ) სამართლის მეთოდების მიმართულება
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
გ) კერძო სამართლის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
დ) ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული.
6. სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word და PDF);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
ზ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
7. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2012 წლის 17 დეკემბრიდან 2012 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, ოთახი N117
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება