სტუდენტური ექსპედიცია თსუ სტუდენტებისთვის სამცხე-ჯავახეთში
სტუდენტებს შორის ურთიერთკავშირის გამყარებისა და გაღრმავების მიზნით, ერთი თვის განმავლობაში 30-მდე თსუ სტუდენტი სამცხე-ჯავახეთში იცხოვრებს. სტუდენტები ერთობლივად დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა შორის ექსკურსიები და ფილმების ჩვენებაა. ერთ თვის მანძილზე თსუ პროფესორები სამცხე-ჯავახეთში ჩავლენ და ექსპედიციის მონაწილებს სხვადასხვა თემაზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.
მომავალი ექსპედიციისთვის 30-მდე სტუდენტმა სამზადისი ფოკადან, ფარავნის ტბიდან დაიწყო, სადაც ადაპტაციის მიზნით რამდენიმე დღის განმავლობაში კარვებით დაბანაკდნენ.
სტუდენტების წინასაექსპედიციო სამზადისს თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი შეუერთდა. რექტორის მოადგილე ფოკაში სტუდენტებს ესტუმრა, მათ გეგმებს გაეცნო და მათთან ერთად წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრო.
სტუდენტური ექსპედიცია სათავეს 2001 წლიდან იღებს. წლევანდელი ექსპედიცია 14 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.
« იხ. ყველა სიახლე