2019-12-02
თსუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთათვის სასწავლო პროცესი დაიწყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთათვის სასწავლო პროცესი დაიწყო. სტუდენტებს სწავლის დაწყება თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა
ირმა გრძელიძემ და
თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ
ლაშა საღინაძემ მიულოცეს და გააცნეს ის შესაძლებლობები, რომელთაც უნივერსიტეტი მათ სთავაზობს.
შეხვედრაზე პროფესიული განათლების ცენტრის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ცენტრის ხელმძღვანელმა
კახა ჭიშვილმა ისაუბრა. თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. წელს, 8 პროგრამის 194 ვაკანტურ ადგილზე 1221 კანდიდატი დარეგისტრირდა. ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის 4 სპეციალური საჭიროების მქონე პირია, რომლებიც ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის, ტუროპერატორისა და ბიბლიოთეკარის პროგრამებს შეისწავლიან. აღსანიშნავია, რომ თსუ პროფესიული პროგრამებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ტუროპერატორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდისა და ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის სპეციალობებზე დაფიქსირდა.
2019 წლის შემოდგომის ნაკადზე მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადდა: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, საოფისე საქმე, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, შემფასებელი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული აპლიკანტები როგორც თბილისში, ისე ქუთაისში ისწავლიან.
« იხ. ყველა სიახლე