ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-21

წიგნის ანდრია რაზმაძის ,,ეპისტოლარული მემკვიდრეობის“ პრეზენტაცია და გამოფენის გახსნა

წიგნის ანდრია რაზმაძის ,,ეპისტოლარული მემკვიდრეობის“ პრეზენტაცია და გამოფენის გახსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლის,  პირველი პროფესორის  ანდრია  რაზმაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე თსუ მუზეუმის მიერ მომზადებული წიგნის ,,ეპისტოლარული მემკვიდრეობის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე გამოიფინა ანდრია რაზმაძის ბიოგრაფიული, სამეცნიერო მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებული ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, შრომები და ფოტო-მასალა, რომელიც ანდრია რაზმაძის დისშვილმა შალვა ცინცაძემ გადასცა თსუ მუზეუმს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ანდრია რაზმაძის ერთადერთმა მემკვიდრემ, მისმა დისშვილმა შალვა ცინცაძემ თსუ მუზეუმს გადასცა მემორიალური ნივთები, უამრავი ფოტო მასალა, რომელიც უნიკალურია ჩვენთვის და ჩვენ ვამაყობთ ამით. რაც შეეხება კრებულს „ეპისტოლარული მემკვიდრეობა“, აქ არის წარმოდგენილი მიმოწერა, რომელიც 30-იან წლებში ჰქონდა ადრია რაზმაძეს. განსაკუთრებით ყურადსაღებია მისი წერილები ივანე ჯავახიშვილთან, რომელიც გამოგზავნილია ლონდონიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ა.შ. როგორც გამოფენის მოწყობის, ასევე კრებულის გამოცემის დროს, გვინდოდა გაგვეკეთებინა აქცენტები იმ საკითხებზე, რომელიც ანდრია რაზმაძეს ახალი სახით დაანახებდა საზოგადოებას“- აღნიშნა თსუ მუზეუმის თანამშრომელმა მანანა ლილუაშვილმა.
ანდრია რაზმაძის დისშვილმა შალვა ცინცაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტს ანდრია რაზმაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის. „ანდრია რაზმაძის მთელი საარქრივო მასალა, რომელიც ეროვნულ არქივში ინახება, თსუ მუზეუმმა წამოიღო და მოაწყო ეს მშვენიერი გამოფენა, ასევე, გამოსცა კრებული ანდრია რაზმაძის „ეპისტოლარული მემკვიდრეობა“. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტს და თსუ მუზეუმს, იმისთვის, რომ საკმაოდ მძიმე და შრომატევადი სამუშაოს მიუხედავად, ასეთი ღონისძიება გამართა, თუმცა, ანდრია რაზმაძემ ნამდვილად დაიმსახურა ეს“-განაცხადა შალვა ცინცაძემ.
პროფესორი ანდრია რაზმაძე ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებელი, ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრე და აქტიური თანამებრძოლი იყო.  სწორედ მან შეადგენინა ახალდაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები და სასწავლო გეგმები.  მშობლიურ ენაზე პირველმა წაიკითხა მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი, დაწერა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში  და  საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას.  
ანდრია რაზმაძის შრომებს მაღალ შეფასებას აძლევდნენ უცხოელი მეცნიერები - ამერიკელი პროფესორი ბლისი, საფრანგეთის მათემატიკური საზოგადოების  პრეზიდენტი პოლ ლევი, რუსი მეცნიერი ნ. კრილოვი, იტალიელი მეცნიერი ლ. ტონელი და სხვები. სწორედ ანდრია რაზმაძის  თაოსნობით გახდა საქართველო 1924 წელს, მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი.


Print

« იხ. ყველა სიახლე