ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-29

თსუ 2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ლიდერია

თსუ 2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ლიდერია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ლიდერია.

კონკურსში გამარჯვებული 33 პროექტიდან 12 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 36%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებს ეკუთვნით. კონკურსში თსუ-ის ახალგაზრდა მკვლევრები ტრადიციულად ლიდერობენ. 2017 წლის კონკურსის შედეგებით, დაფინანსებული 23 პროექტიდან - 6 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 26%) თსუ-ის ახალგაზრდა მეცნიერებს ეკუთვნოდათ.

ახალგაზრდა მეცნიერად, კონკურსის პირობების თანახმად, ითვლება დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში. კონკურსის მიზანია, დარგში ახალგაზრდა დოქტორის, ნიჭიერი მკვლევარის გამოვლენა და წახალისება, ახალგაზრდა მეცნიერთა აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობა. ეს ის თაობაა, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს არსებულ ყველა სამეცნიერო მიმართულებებში: (ქვემართულებები გაწერილია სპეციალური კლასიფიკატორით) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

2018 წლის კონკურსის პირობების თანახმად წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი. ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება  არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში, 60 000 ლარს - ორ წელიწადში.

ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერა მოიცავს: ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას, ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯებს: მათ შორის, დამხმარე პერსონალის ანაზღაურების ხარჯებს; საველე სამუშაოებისა და ექსპედიციის ხარჯებს; პროფესიული ლიტერატურის შეძენის ხარჯებს; სამეცნიერო ღონისძიებისა (კონფერენცია, კონგრესი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა) და/ან კვლევითი ვიზიტისათვის საჭირო ხარჯებს; პროფესიული ასოციაციის წევრობის ხარჯებს; კომპიუტერული და კვლევისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯებს, საჭიროებისამებრ. არის საშუალება ახალგაზრდა მეცნიერმა დაიფინანსოს კვლევის შედეგების პრეზენტაციის ხარჯები (მოიცავს სტატიის/ მონოგრაფიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს).

ფონდის პირობების თანახმად გრანტის მიმღები ვალდებულია, პროექტით გათვალისწინებული კვლევის მასალებზე დაყრდნობით გამოაქვეყნოს მინიმუმ ერთი სამეცნიერო სტატია ინგლისურ ენაზე საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში, ან წარმოადგინოს ცნობა სტატიის გამოსაქვეყნებლად მიღების შესახებ. საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემად ფონდის მიერ განიხილება ის ჟურნალები, საკონფერენციო კრებულები და წიგნები, რომლებიც ინდექსირებულია შემდეგ რეიტინგულ ბაზებში: Scimago Journal Ranking, Scopus, Web of Science, ERIH plus, ასევე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული საერთაშორისო რეფერირებადი და ციტირებადი ჟურნალები: Transactions of A. Razmadze Mathematical Institute (ა. რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები) და Annals of Agrarian Science (აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე).

Print

« იხ. ყველა სიახლე