2017-02-23

ახალი პროექტები თსუ-ში

ახალი პროექტები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტრატეგიული განვითარების გეგმით (2017-2021) დასახული მიზნების მისაღწევად ახალი პროექტების განხორციელება იწყება, რომელთა შესახებაც ბრიფინგზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა.

თსუ რექტორის თქმით,  სტუდენტური პროექტების დაფინანსების გამჭვირვალობისა და პარიტეტის დასაცავად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, თსუ-ს და სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები შევიდნენ. სტუდენტური პროექტების დაფინანსება მოხდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე. „ამ კუთხით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 600 ათასი ლარი, ხოლო სტუდენტთა საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების დაფინანსებისთვის-180 ათასი ლარი. საკონკურსო პროცედურა იქნება ღია და შედეგებიც იქნება ღია და გამჭვირვალე“, - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ-ში სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის ფაქტების გამოვლენა-აღმოსაფხვრელად, შესაძლო კონფლიქტების პრევენციისთვის, სტუდენტსა და ადმინისტრაციას შორის  მედიაციისთვის თსუ რექტორის ბრძანებით, უნივერსიტეტში შეიქმნა სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტი. სტუდენტურ ომბუდსმენად დაინიშნა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედი კიოლნის (გერმანია) სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, ახალგაზრდა მკვლევარი მარიო შიუტცე.    

გიორგი შარვაშიძის  განცხადებით, უნივერსიტეტმა დაპირებული ღონისძიებების უმეტესობა შეასრულა ან საკითხები გადაწყვეტის პროცესშია: „ბევრი საკითხი, რომელიც აწუხებდათ „აუდიტორია 115-ის“  წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტთა სხვა ჯგუფებს  - უკვე გადაწყვეტილია. შესაბამისად, არა მგონია, რომ კიდევ რამე დარჩა შემაფერხებელი, რაც „აუდიტორია 115-ის“ წევრებს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში დატოვებს. უნივერისტეტში არის ღია მმართველობის სისტემა, ღია კარის მტვრევა არ არის კარგი საქმე. მით უფრო, რომ მათ მიერ დაყენებული ბევრი საკითხი სცილდება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო, არამედ საკანონმდებლო სივრცესაც. დემოკრატიის ანაბანაა - შენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ირღვევა სხვისი უფლება. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, ოღონდ, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ყველას სტუდენტის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული, მათ შორის იმ 800 სტუდენტისაც, რომლებიც მეექვსე კორპუსში სწავლობენ და რომელთაც არ ეძლევათ ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება.“

თსუ რექტორმა ერთ-ერთი დაპირების, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ადგილების გაორმაგების შესრულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „უახლოეს მომავალში განათლების სამინისტრო უნივერსიტეტს ოფიციალურად გადმოსცემს ლისის ტბაზე არსებულ 320-ადგილიან, ევროპული სტანდარტების საერთო საცხოვრებელს, რომელშიც სტუდენტები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის შესახლდებიან.“

ბრიფინგზე გიორგი შარვაშიძე ასევე შეეხო უნივერსიტეტში ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების, შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის განხორციელების და საინოვაციო მენეჯმენტის სრულყოფისთვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით  გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს. თსუ რექტორის ინფორმაციით, აღნიშნული ტენდერისთვის დაფინანსება თსუ-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოიპოვა. ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის შემდგომი სრულყოფისთვის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა და უნივერსიტეტს გამოეყო დაფინასნება 180 000 ლარის ოდენობით. მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაცია განპირობებულია იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმით დასახული მიზნების მიღწევის აუცილებლობითაა ნაკარნახევი.
    

Print

« იხ. ყველა სიახლე