2018-09-26

თსუ-ში ახალი სმარტლაბი SMART|SmR_lab (School meets Research) გაიხსნება

თსუ-ში ახალი სმარტლაბი SMART|SmR_lab  (School meets Research) გაიხსნება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი სმარტლაბი SMART|SmR_lab (School meets Research)  გაიხსნება, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი. სადემონსტრაციო სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით, აპარატურით სმარტ-ლაბორატორიის აღჭურვას იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრი უზრუნველყოფს. დოკუმენტს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა სებასტიან შმიდტმა და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა ჰანს შტროერმა მოაწერეს.

სასკოლო ლაბორატორია (JuLab) სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის გაცვლით პროგრამებსაც განახორციელებს. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, იულიხის კვლევითი ცენტრის ხელშეწყობით უნივერსიტეტს უკვე აქვს ორი SMARTLAB-ი, მესამე ლაბორატორია კი ნევროლოგიის მიმართულებით მალე გაიხსნება. „დღევანდელი მემორანდუმის თანახმად, ახალი ლაბორატორია სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება გათვალისწინებული; იმისათვის, რომ მათ სამეცნიერო ცდებში მიიღონ მონაწილეობა. ახალი SMARTLAB თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსდება და იგი ნებისმიერი სკოლის მოსწავლისთვის ღია იქნება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო აქტივობებში ჩაერთვებიან და შესაბამის ინფორმაციასაც მიიღებენ. „იულიხის კვლევით ცენტრსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაგეგმილია მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოპულარული კვლევების ინტეგრაციის ხელშეწყობა,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.   

იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრის სებასტიან შმიდტის თქმით, საჭიროა ახალგაზრდა თაობის, ახალგაზრდა მეცნიერების წახალისება, რომელიც სკოლის პერიოდიდან უნდა დაიწყოს. „სასკოლო ლაბორატორიების საქმიანობამ მეცნიერების, კვლევების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ ალტერნატივა პროფესიისა და მეცნიერების შერჩევაში. ეს ყველაფერი სამომავლოდ საქართველოს უკან დაუბრუნდება,“ - აღნიშნა დირექტორთა საბჭოს წევრმა.

ახალი კონცეფციის ფარგლებში ამოქმედდება ქართველი მოსწავლეების და მასწავლებლების საპილოტე გაცლითი პროექტები. პროექტის ძირითადი მიზანია იმ ახალი მიდგომების გაცნობა, როგორ აწვდიან მოსწავლეებს სკოლებში მეცნიერული კვლევების პრაქტიკაზე დაფუძნებულ ინფორმაციას.  

„ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს“ (GGSB), რომელიც   იულიხის კვლევითი ცენტრის (FzJ) ინსტიტუტებს საქართველოს უნივერსიტეტების (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) კონსორციუმთან აკავშირებს, 14 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამ კონცეფციის ფარგლებში 2018 წლის ივნისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იულიხის კვლევითი ცენტრის დირექციას შორის ინტერსთა დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე