2020-07-28

პანელური დისკუსია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის თემაზე

პანელური დისკუსია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის თემაზე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა. ღონისძიებაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე საინფორმაციო კამპანიის შედეგები წარადგინეს და მონაწილე ახალგაზრდები დაჯილდოვეს. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და განათლების საკითხების სპეციალისტი ნათია გორგაძე.
„1+4 საგანმანათლებლო პროგრამა ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომლითაც ჩვენი ბევრი სტუდენტი სარგებლობს. 3000-მდე სტუდენტმა მიიღო უმაღესი განათლება ამ პროგრამის საშუალებით, რაც არის ძალიან მაღალი ციფრი. აქედან 1500 არის თსუ კურსდამთავრებული. მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაღალი კონკურსი ფიქსირდება - ერთ ვაკანტურ ადგილზე მინიმუმ 3 მსურველი რეგისტრირდება და ვცდილობთ, გავაფართოვოთ რაოდენობა და გავზარდოთ ის სერვისები, რომლებსაც სტუდენტებს ვთავაზობთ, რათა უკეთ შეძლონ სწავლა სახელმწიფო ენაზე. ძალიან კარგი რეზულტატებია მიღებული, მითუმეტეს როდესაც ვასწავლით არა მხოლოდ ენას, არამედ ტერმინოლოგიას, რომელიც დახვდებათ მათ მომდევნო საფეხურზე, როდესაც თავის საბაკალავრო პროგრამას აირჩევენ.“ - განაცხადა  გიორგი შარვაშიძემ
ლია გიგაურის თქმით " საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივებს სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ." მისი განცხადებით , "განათლების ხელმისაწვდომის თაობაზე ჩატარებული კამპანიის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც განათლების მიღების სურვილი გაუჩნდათ. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.“
შეხვედრის მონაწილეებმა "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის" მიერ CCIIR ჩატარებული კვლევა შეაჯამეს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების განათლების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

Print

« იხ. ყველა სიახლე